მიკროავტობუსების შესყიდვასთან დაკავშირებით 15 ივლისს გამოცხადებული ტენდერი დასრულდა და გამარჯვებულ კომპანიასთან 18 სექტემბერს ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა. კახა კალაძის თქმით, 300 ერთეული მიკროავტობუსი დედაქალაქში ეტაპობრივად შემოვა.
“18 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება, გვყავს გამარჯვებული კომპანია, “ფორდის” მარკის 300 ერთეული მიკროავტობუსი ეტაპობრივად შემოვა დედაქალაქში. ოქტომბერში გარკვეული ნაწილი უკვე ადგილზე იქნება და დანარჩენიც 180 კალენდარული დღის განმავლობაში შემოვა, რათა მთლიანად ჩავანაცვლოთ მიკროავტობუსი.
თბილისში დაახლოებით 3 000-მდე მიკროავტობუსი გადაადგილდებოდა პირველი წლების განმავლობაში, თუმცა რეფორმით, რომელიც წამოვიწყეთ, ავტობუსების, მიკროავტობუსების რაოდენობა დაახლოებით 1 200-მდე შემცირდება. ეს გამოწვეულია იმით, რომ მთლიან მოდერნიზებას ვაკეთებთ საავტობუსე ქსელის, მარშრუტების, რათა ძირითად რაიონებში, უბნებში ივლის 12-მეტრიანი, 10-მეტრიანი, 8-მეტრიანი ავტობუსები, ხოლო თბილისის რელიეფიდან გამომდინარე, არსებული ქუჩების სივიწროვიდან გამომდინარე რა თქმა უნდა, საჭიროა მიკროავტობუსები. ეს ყველაფერი ინტეგრირებული იქნება, ისე დალაგდება, რომ კომფორტული იყოს მიკროავტობუსით, ავტობუსით და მეტროთი მგზავრობა. ეს ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია.
მიკროავტობუსებთან დაკავშირებით კონკრეტული ტელევიზია ავრცელებდა სიბინძურეს და ხვალ, ხუთშაბათს, 10:00 საათზე შესაბამისი პასუხი გაეცემა ყველა ცრუ ბრალდებას და სიბინძურეს, რომელიც მოისმინა საზოგადოებამ,” – განაცხადა კალაძემ.
“რუსთავი2”