სკოლებში, შესაძლოა, ექიმის ინსტიტუტი აღდგეს!

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე უძღვებოდა ზოგადი განათლების შესახებ კანონში და შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

კანონპროექტების განხილვამდე, ფრაქცია „ჩვენი საქართველო – დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ განცხადება გააკეთა ექიმ ვახტანგ ყიფიანის დაკავებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ იგი ფაქტობრივად უკანონო პატიმრობაში იმყოფება. მისი თქმით, ყველა ქვეყანაში აღიარებულია, რომ საექიმო შეცდომა ეს არის დეკრიმინალიზირებული თემა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზებით და ამაზე პარლამენტს ძალიან ბევრი აქვს სამუშაო.

„ამ შემთხვევაში მინისტრი უნდა აკეთებდეს ყველაზე მწვავე რეაგირებას ამ თემაზე და მინისტრი უნდა იყოს პირველ რიგში ამ პატიოსანი, წესიერი, პროფესიონალი ექიმის დამცველი”, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ცუდი ფაქტია, როდესაც ექიმის დაკავებას აქვს ადგილი და მან იმედი გამოთქვა, რომ „სამართალდამცავები სწორ სამართლებრივ შეფასებას გააკეთებენ და სიმართლე არ დაიკარგება”.

კომიტეტმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე განიხილა.

საკითხზე მომხსენებლის, განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილის განცხადებით, ცვლილება ითვალისწინებს სკოლებში სამედიცინო სერვისების შემოტანას. კერძოდ, კანონის მიხედვით, ყველა სკოლა იქნება ვალდებული მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისათვის სკოლის ტერიტორიაზე უზრუნველყოს სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა.

კომიტეტის წევრების შეფასებით, ეს გადაწყვეტილება არა თუ მნიშვნელოვანი, არამედ აუცილებელიცაა. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, სკოლებში საექიმო კაბინეტები 2002 წლამდე არსებობდა, შემდეგში კი მათი გაუქმება ნამდვილად არასწორი იყო და აუცილებელია, რომ სკოლებში აღვადგინოთ ექიმის ინსტიტუტი.

კომიტეტმა კანონპროექტს პრინციპების დონეზე ერთხმად დაუჭირა მხარი.

წყარო: ghn.ge