ზუგდიდში მერიის სამ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ზუგდიდში კორონავირუსი მერიის სამ თანამშრომელს დაუდასტურდა. სამივე მათგანი გუშინ დადასტურებული შემთხვევების კლასტერია. მათ გარდა, კორონავირუსი დაუდგინდა კიდევ 11 ადამიანს, მათ შორის, მცირეწლოვნებიც არიან.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ამ დროისთვის, ღრმა ეპიდკვლევა მიმდინარეობს. მათივე თქმით, ზუგდიდის მერიაში თანამშრომელთა ნაწილი დისტანციურ რეჟიმზეა გადასული, ასევე, ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები და ჩატარდება საჭიროებისამებრ ტესტირებებიც.

ამ დროისთვის, მათივე თქმით, განსაკუთრებული შეზღუდვები არ იგეგმება. ამასთან, კორონავირუსი დაუდასტურდა ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ ერთ პირსა და ხაიშის სკოლის ორ მოსწავლეს. მათი ინფიცირების წყარო მოწვეული ქობულეთელი მასწავლებელია, რაც შეეხება სკოლას, დაწესებულება ფუნქციონირებას დისტანციური რეჟიმით განაგრძობს.

“მიმდინარეობს მასიური ტესტირება, მთელი დღის განმავლობაში და შემდგომ პერიოდშიც გაგრძელდება კონტაქტების მოძიება და მათი გატესტვა. იქნება გამკაცრებული ღონისძიებები, იმ მიმართულებით, რომ ადამიანებმა, რომლებიც მოღვაწეობენ სხვადასხვა მიმართულებით, აუცილებლად მოახდინონ ყველა ინსტრუქციის დაცვა, რაც გაწერილია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებში,“ – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ თორიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი შენგელია ამბობს, რომ მერიაში თანამშროლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე იყვნენ გადასულები.

“ჩვენ მერიაში აქამდეც ვიყავით დისტანციურ რეჟიმზე გადასული და მხოლოდ 30%-იანი დატვირთვით ვმუშაობდით. შესაბამისად, ამ თანამშრომლების კონტაქტი დანარჩენ თანამშრომლებთან არის მინიმალური, თუმცა ჩვენ ვატარებთ ყველა ზომას, რათა მაქსიმალურად მოხდეს გამოვლენა ყველა შესაძლო შემთხვევის. უტარდებათ თანამშრომლებს ტესტირება,“ – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

“კურიერი”