ივანიშვილის ფავორიტი რეჟისორი ვირტუალური “აფხაზეთის მთავრობისგან” რეალურ ფულს აიღებს

ბიუროკრატიას ხანდახან საოცარი ფორმების მიღება შეუძლია. საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის უცნობი “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა”, ასევე აბსოლუტურად უცნობი “თავმჯდომარით”, მოულოდნელად ისე გააქტიურდა, რომ ქვეყანა აალაპარაკა.

კერძოდ, “აფხაზეთის მთავრობამ” ერთხელ შეცვლილი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ შეცვალა და რეჟისორ გოგა ხაინდრავას კომპანიას “ღვინო და კინო” 200 300 ლარს გადაუხდის ფილმის “სიმართლე აფხაზეთზე” გადაღებისთვის. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

დოკუმენტი, რომელიც “რადიო თავისუფლებამ” მოიპოვა, აფხაზეთის განათლების მინისტრის, როლანდ ნიჟარაძის ხელმოწერილია. თანხის ერთი ნაწილის – 100 ათასი ლარის – გამოყოფა 2020 წლის ბიუჯეტიდანაა დაგეგმილი, დანარჩენი 100 300 ლარი კი 2021 წლის ბიუჯეტიდან უნდა დაიფაროს.

ნიჟარაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს ამბობს, რომ “მუჰაჯირობა” არის თემა, რომლითაც რუსეთი სარგებლობს. საკითხი არ იციან არც ახალგაზრდებმა და არც ძველი თაობის წარმომადგენლებმა. მისი აზრით, ამ საკითხზე წიგნიც უნდა დაიწეროს.

“გვინდა, რომ იცოდნენ აფხაზებმა, ვინ მოუწყო მათ მუჰაჯირობა, არა ჩვენ, ქართველებმა, როგორც გვაბრალებენ. უნდა მობრუნდეს ეს ახალგაზრდობა ჩვენკენ… ერთ-ერთ სუფრაზე ვითომ განათლებულმა აფხაზმა მითხრა, ბერიამ მუჰაჯირობა მოგვიწყოო – ეს რომ გაირკვეს, მთელმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს”, – ამბობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრი.

ნიჟარაძე დარწმუნებულია, რომ ხაინდრავას ფილმი მთებს გადადგამს და ამაღლებული მიზნისათვის გაღლეტილმა ხალხმა ქამარი კიდევ უფრო მეტად უნდა მოიჭიროს:

“დევნილებმაც იციან, რომ ეს გასაკეთებელია… მოვითმინოთ, ქამარი მოვიჭიროთ და ეს უნდა გაკეთდეს. ეს არის პატრიოტული საკითხი”.

კარგი იქნებოდა, “რადიო თავისუფლებას” ეკითხა პატრიოტი ჩინოვნიკისათვის, თუმცა რატომ ჰკითხავდა – ეს ხომ ამერიკის ინტერესებში არ შედის, საიდანაც თავად “რადიო თავისუფლება” ფინანსდება – კერძოდ, ეკითხა, ხომ არ სჯობს, მუჰაჯირობის ისტორია აფხაზებს კი არ ვასწავლოთ, რომლებმაც ეს ისტორია კარგად იციან (მნიშვნელობა არ აქვს, ბ-ნი ნიჟარაძე რომელ სუფრაზე ვის ნაბახუსევ “სიბრძნეს” ისმენდა), არამედ რუსებს შევახსენოთ, თუ რატომ დასჭირდათ ეს ე. წ. მუჰაჯირობა აფხაზებს, უფრო ზუსტად კი – ადიღე-ჩერქესებს, თავიანთივე ნებით?! აფხაზებს კი არა, სწორედ რუსებს უნდა შევახსენოთ, რომ აფხაზებმა უგანეს რუსეთის იმპერიას, მათ ოსმალეთი ერჩივნათ, ხოლო ქართველები იყვნენ რუსეთის იმპერიის ყველაზე საიმედო დასაყრდენი კავკასიაში და სწორედ ქართველების დახმარებით აითვისეს რუსებმა კავკასია!

დიახ, ეს იქნებოდა ქართული, პატრიოტული საქმე და არა რუსებისთვის მორიგი “შეჩხიკინება” რუსეთის საელჩოსთან ერთ დროს “მოკურკულე” ხაინდრავას ფულადი აპეტიტის დაკმაყოფილების მიზნით! 

ბოლოსდაბოლოს, თუ ასე გინდათ ამ ხაინდრავას ფილმები, ადექით და “დიდ ქველმოქმედს” აფინანსებინეთ – სახელმწიფო ბიუჯეტმა რა დაგიშავათ?!

როლანდ ნიჟარაძემ ჯერ კიდევ 13 აგვისტოს მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გოგა ხაინდრავას კომპანიისთვის 100 ათასი ლარის გამოყოფა გადაწყდა. მაშინ ამ დოკუმენტს აფხაზეთის მთავრობაში “გაუგებრობა” უწოდეს და შესყიდვების სააგენტოსთვის მიმართვაც გაუქმდა.

ხაინდრავა ამბობდა, რომ აფხაზეთის მთავრობამ ფილმის გადაღების გადაწყვეტილება “ბულინგის” გამო გააუქმა. მისი თქმით, ხარჯის 2/3-ს მისი კომპანია ფარავდა, დარჩენილი ნაწილის გადახდა კი აფხაზეთის მთავრობას უწევდა.

“ეს პროექტი გაკეთდება ყველა ვარიანტში. მიიღებს ამაში მონაწილეობას აფხაზეთის ხელისუფლება, რომლის ვალდებულებაც არის. ეს არ არის სურვილი, ეს არის ვალდებულება მისი”, – ამბობდა მაშინ ხაინდრავა.

რა თქმა უნდა, “მისი” და ყველა ჩვენი ვალდებულებაა, თავი გავიბითუროთ, რუსეთს პროვოკაციები მოვუწყოთ და თან ზოგიერთი რუსული სტრუქტურის დავალებები შევასრულოთ!

 

ცოტნე აფხაზავა