ნუ იმალებით – “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს

“ლელოს” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია. ინფორმაციას “ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო გახშირდა პოლიტიკური დებატები სხვადასხვა პარტიას შორის, თუმცა მმართველი გუნდი მასში მონაწილეობას არ იღებს და ივანიშვილი მხოლოდ ერთი ტელევიზიის მეშვეობით მიმართავს მოსახლოებას.

ხაზარაძის განცხადებით, თუ “ქართულ ოცნებას” ქვეყნის დემოკრატიულად მართვა სურს, დებატებში მონაწილეობას უნდა დათანხმდეს. მისივე თქმით, ფორმატს და ტელევიზიას მნიშვნელობა არ აქვს და ამ არჩევანს “ქართულ ოცნებას” უტოვებს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილო, ნებისმიერ თქვენ მიერ კონტროლირებად ტელევიზიაში გამოდით, თუ თვლით, რომ დემოკრატიას აშენებთ, გამობრძანდით და დავიწყოთ დებატები. დებატები არა იმისათვის, ვინ ვის აჯობებს, არამედ დებატები იმისათვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ვაჩვენოთ, სად არის გადარჩენის გზა, სად არის ის ფორმულა, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს იმ მძიმე მდომარეობიდან, რომელშიც თქვენ ის შეიყვანეთ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ იმალებით. ჩვენი „მარშალის გეგმით” შეგვიძლია ავირიდოთ პასუხისმგებლობა, თუ როგორ გამოვა ქვეყანა ამ კრიზისიდან და აშენდება, როგორც შემდგარი სახელმწიფო,”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ბრიფინგის მსვლელობისას ხაზარაძემ ქვეყანაში არსებულ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ლარი ისტორიულ მინიმუმზეა დასული. ამ კრიზისის სამართავად კი მმართველ გუნდს ძალა არ შესწევს.

„ლარი უფასურდება, ხალხი კარგავს შემოსავალს, ბიზნესი გაჩერებულია და არავის აქვს ამ მძიმე კრიზისიდან გამოსვლის გეგმა. მმართველი გუნდი საერთაშორისო ვალებით ავსებს ბიუჯეტს. უმეტესი ბიზნესი გაჩერებულია და გამოსავალზე ვერავინ საუბრობს, მთავრობამ არ იცის, რა ქნას, მათ არ აქვთ გეგმა, მათ არ აქვთ ხედვა და იმალებიან. იმალებიან იმიტომ, რომ არ აქვთ პასუხები მწვავე კითხვებზე, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ ეკონომიკური ჩიხიდან – დღეს ჩვენ ბრძოლაში ვართ არა პარლამენტში სკამების მოსაპოვებლად, არამედ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანისთვის!

ჩვენ პანდემიის პირველი ტალღის დროს შევთავაზეთ საქართველოს ხელისუფლებას ბიზნესის დასახმარებლად სპეციალური საგარანტიო ფონდის შექმნა, მაგრამ მათ ეს შეთავაზება არ მიიღეს.

ჩვენ შევთავაზეთ მთავრობას და ეროვნულ ბანკს ეროვნული ვალუტის სტაბილურობისთვის ლარის კურსის დერეფნის შექმნა, რომელიც ასევე არ გაითვალისწინეს.
დღეს მცირე და საშუალო ბიზნესი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. ლარის გაუფასურება გამოუვალ მდგომარეობაში აგდებს ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, რომელსაც ისედაც დრამატულად შეუმცირდა შემოსავლები.

არჩევნების პერიოდი რისკებს ზრდის. იმისთვის, რომ არ მივიღოთ სრული ეკონომიკური კოლაფსი, ჩვენ შევთავაზეთ ხელისუფლებას – ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის შესაბამისი გარანტიით უზრუნველყოფილი სესხების გადავადება და რეფინანსირების საკითხი.

ქართული ოცნება არც ამ ინიციატივას გამოეხმაურა, ჩვენ თვეების წინ ვთავაზობდით ხელისუფლებას კოვიდის მეტად გავრცელების პირობებში პანდემიის მართვის გზებს, რათა ეკონომიკური პრობლემების გარდა, სერიოზული სირთულეები არ შექმნილიყო ჯანდაცვისა და განათლების სფეროში. დღეს ვხედავთ, რომ ხელისუფლება სრულიად მოუმზადებელი შეხვდა ამ გამოწვევებს” – განაცხადა ხაზარაძემ.

წყარო: commersant.ge