ფრანგი ექსპერტები საქართველოს რეგიონების განვითარებაზე მუშაობენ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მხარდაჭერით, აგრძელებს მუშაობას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში აბასთუმნისა და მიმდებარე ტერიტორიების, ასევე რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის განვითარების პროექტზე.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იუწყება, საფრანგეთის განვითარების სააგენტომ შეარჩია ექსპერტთა საკონსულტაციო ჯგუფი, რომლის ამოცანაა შეისწავლოს და მოამზადოს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთება, სადაც თავმოყრილი და შეფასებული იქნება რეგიონების განვითარების თვალსაზრისით არსებული შესაძლებლობების გამოყენების გზები, დამუშავდება წინადადებები, რომელიც ბიძგს მისცემს როგორც სოფლის მეურნეობის ადგილობრივი დარგების, ასევე მომსახურების სფეროს განვითარებას.

ექსპერტთა ჯგუფის წევრები ეწვივნენ სამცხე-ჯავახეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებს, სადაც ადგილზე გაეცნენ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას, გამართეს შეხვედრები სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში და მოისმინეს ინფორმაცია არსებული გამოწვევების შესახებ.

ექსპერტთა ჯგუფთან შემაჯამებელი შეხვედრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაიმართა. ექსპერტებმა სამინისტროს ხელმძღვანელობას გაუზიარეს კონცეპტუალური ხედვა სოციალური და ეკონომიკური განვითარების მიზნით არსებული და პოტენციური შესაძლებლობების შესახებ.

ჯგუფის წევრებმა მინისტრის მოადგილესთან – მზია გიორგობიანთან ერთად განიხილეს მოსაზრებები, როგორც სოფლის მეურნეობის ადგილობრივი დარგების, ასევე ტურიზმის განვითარების შესაძლებლობების შესახებ. სპეციალისტების აზრით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია როგორც აბასთუმანს, ასევე რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს. ხაზი გაესვა ადგილობრივი მცირე და საშუალო საფერმერო მეურნეობების განვითარების მნიშვნელობას და ამ მიზნით დაფინანსების ახალი სქემების მომზადებას, ახალი ინიციატივების ხელშეწყობას, წარმოების ჯაჭვის შექმნა, რაც სოფლის მეურნეობის ადგილობრივი დარგების განვითარებას შეუწყობს ხელს.

წყარო: report.ge