შსს-მ ოზურგეთში კიბერდანაშაულში ეჭვმიტანილი პირები – 1992 წელს დაბადებული ტ.ც. და 1990 წელს დაბადებული ო.ჩ. დააკავა. უწყების ინფორმაციით, პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, საბანკო პლასტიკური ბარათები
და სიმბარათები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ტ.ც.-ს ბრალად ედება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ო.ჩ.-ს კი ბრალი ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 28 აპრილს და 6 ივნისს, ტ.ც.-მ მის მიერ კუსტარულად აწყობილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით მოახერხა ქალაქ სენაკსა და ქალაქ ზესტაფონში მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატების პროგრამული უზრუნველყოფის გასაღების, ე.წ. „დონგლის“ კოდის
გაწერა. მან, კუსტარული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით, ონლაინ ტოტალიზატორის მის მიერვე შექმნილ, არავერიფიცირებულ და ერთ-ერთი მომხმარებლის ვერიფიცირებულ ანგარიშებზე თაღლითური გზით გადარიცხა 7000 ლარი. აღნიშნული თანხის ნაწილი – 2000 ლარი ტ.ც.-მ წინასწარი შეთანხმებით, ამავე ონლაინ ტოტალიზატორის მომხმარებელ ო.ჩ.-სთან ერთად გაანაღდა. მეორე ნაწილი კი – 5000 ლარი ტ.ც.-მ ქობულეთში მდებარე ერთ-ერთი ბანკომატიდან თავად გამოიტანა“, – განმარტავენ შსს-ში.
დანაშაულები 3-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 286-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
“იმედინიუსი”