ეპიდემიამ და ლარის კურსის გაუფასურებამ მოსახლეობის შემოსავლებს დიდი რისკი შეუქმნა.
გარდა იმისა, რომ ფულმა მსყიდველუნარიანობა დაკარგა, სულ უფრო და უფრო მცირდება მოსახლეობის შემოსავლები. ეს კიდევ ერთი ბიძგია, რომ გაღარიბების მასშტაბი გაფართოვდეს. სპეციალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ სიღარიბე გაიზრდება. სოციალური ფონის გაუარესებამ უამრავ ოჯახს შეუქმნა პრობლემა, ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში კი, მოსალოდნელია სიღარიბის 10-13%-იანი მატება, რაც ქვეყანაში უმძიმეს პრობლემას გამოიწვევს.
თავის დროზე სწორედ სიღარიბის ზრდა გახდა მიზეზი, რის გამოც პრემიერ-მინისტრის პოსტი გიორგი კვირიკაშვილს დაატოვებინეს. წესით, სიტუაცია უნდა გაუმჯობესებულიყო, მაგრამ ამის ნაცვლად საქმე უკან-უკან წავიდა – ხალხს განკარგვადი შემოსავლები შეუმცირდა და პერსპექტივაც არ ჩანს, რომ მათი მდგომარეობა გამოსწორდება. არ არის გამორიცხული, რომ ამჟამად პრობლემას სხვა მაღალჩინოსნებიც გადაყვნენ, ხელისუფლებამ ამ პრობლემას სათანადოდ თუ არ მიხედა.
აკადემიკოსი ავთო სილაგაძე ფიქრობს, რომ გარარიბების დონე დაახლოებით 10-13%-ის ფარგლებში მოიმატებს. ეს, რა თქმა უნდა, თუკი პანდემიასთან ბრძოლა წარმატებით არ დასრულდება და ლარი გამყარებას არ დაიწყებს. რალურად სხვა საფუძველი, რამაც შეიძლება მოსახლეობის კეთილდღეობაზე დადებითად იმოქმედოს, ჯერჯერობით არ ჩანს.
,,ეპიდემია კვლავაც ახდენს გავლენას ჩვენი ცხოვრების ხარისხზე და და სიღარიბის დონეს გაზრდის. ამის პარალელურად უფასურდება ეროვნული ვალუტა და მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის სიღარიბეში გადასვლას იწვევს. როცა კურსი 15-20 პუნქტით დაველვირებულია, ცხადია, გააუარესდება მდგომარეობა. აქ ზედმეტია პერსპექტივაზე საუბარი, გადაჭარბებული მოლოდინი ვერ გვექნება.
ახლა ოჯახები ისეთ ზღვარზე არიან, რომ შემოსავლების მცირე კლებაც კი მათ ფინანსურ მდგომარეობაზე მტკივნეულად აისახება. მინიმალური პენსია რომ ავიღოთ, იგი რეალურად ახლოსაა მინიმალურ საარსებო კალათასთან. ეს უკანასკნელი კი მეტი უნდა იყოს, ვიდრე სტატისტიკურადაა. როგორც კი კურსი მკვეთრად ეცემა, კრიტიკულ ზღვარს ქვემოთ ვარდება მოსახლეობის უმეტესობა. ამიტომ ლარის გაუფასურება მნიშვნელოვნად ზრდის სიღარიბის მაჩვენებელს. დღეს ათობით ათასი ადამიანი შეიძლება ამის გამო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ აღმოჩნდეს, ლარის გაუფასურება ამ დონეზე თუ დარჩა, ამ რეალობას ვერაფერი შეცვლის.
ფასები ისე გაიზარდა და უახლოეს მომავალში კიდევ თუ მოიმატებს, უფრო სწრაფად მოიმატებს გაღარიბებულთა რიცხვიც. ველოდები, რომ მოსახლეობის 10-13% დამატებით ღარიბთა ფენაში აღმოჩნდება, რა თქმა უნდა, პანდემიის გაგრძელების შემთხვევაში და ესეც ყველაზე მცირე მაჩვენებელი იქნება“, – განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს“ ავთო სილაგაძემ.
შეიძლება ითქვას, რომ დღეს ძნელად მოიძებნება ადამიანი სპეციალისტების წრეში, რომელიც განსხვავებულად ფიქრობს. ეკონომისტი რამაზ გერლიანი მიზეზად მთავრობის დაუდევრობას მიიჩნევს და აცხადებს, რომ კურსთან დაკავშირებით რეალურად ვერაფერი შეძლეს, რითაც გაღარიბებისთვის გაწირეს მოსახლეობა.
,,იმდენად მძიმე სიტუაციაა ეკონომიკაში, რომ უნდა ველოდოთ მდგომარეობის გაუარესებას. მთავრობის დახმარებები ამოიწურება და უფრო მეტად ვიგრძნობთ გაჭირვებას. ჯერ ცოტას მაინც ახერხებს ხალხი, სამომავლოდ კი დიდი პრობლემა გველის.
არ ჩანს პერსპექტივა. ვინც სამსახური შეინარჩუნა, მათი შემოსავლებიც შემცირდა ან შემცირდება. მთავრობის და ეროვნული ბანკის დაუდევრობის გამო ხალხი გაკოტრების პირასაა. პოლიტიკურად ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში, როცა არჩვენებია, ლარი უფასურდება. ჯიბეში არსებული ფული კიდევ უფრო “დაპატარავდა”, მსყიდველუნარიანობა ეცემა. ძალიან მიჭირს პროგნოზი, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა მდგომარეობა, სიღარიბე დაახლოებით 12-13%-ით მოიმატებს. ეს კი დღევანდელი ოფიცილური მონაცემების გაორმაგებას ნიშნავს.
საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების იმედად ვერ ვიქნებით, არც ინვესტიციების შემოსვლას ველი. დიდი ჩავარდნა გვაქვს საგარეო ვაჭრობაში, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი, ფაქტობრივად, ჩამოიშალა, ყველა სფეროში პრობლემაა და ძნელია ვარაუდი, რის იმედად შეგვიძლია ყოფნა”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” ეკონომისტმა.
მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის გაღარიბებას არ გამორიცხავს, სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე მეტ ოპტიმიზმს ინარჩუნებს. ეკონომიკური ვარდნა შეიძლება მოსახლეობის გაღარიბების მიზეზი მართლაც გახდეს, თუმცა ამ პრობლემის დაძლევა და რისკის შემცირება შესაძლებელია. სტატისტიკოსი იმასაც ამბობს, რომ შეიძლება ეპიდემიას საპირისპირო ტენდენციაც მოჰყვეს და ქვეყანამ კეთილდღეობის მიმართულებით რამდენიმე ნაბიჯი გადადგას, თუმცა ამისთვის მთავრობას და თავის მხრივ, მოსახლეობასაც დიდი ძალისხმევა დასჭირდება.
,,ჩვენ არ ვართ ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, დამოკიდებული ვართ საგარეო ურთიერთობებზე და როდესაც ექსპორტი მცირდება, სატრანსპორტო-საკომუნიკაციო დატვირთვა იკლებს, ხოლო ტურიზმი საერთოდ მძიმე მდგომარეობაშია, ვალუტა სუსტდება და მოსახლეობის კეთილდღეობას საფრთხე ექმნება. ამ შემთხვევაში ერთადერთი უპირატესობაა ის, რომ სამამულო პროდუქტის ღირებულება მცირდება და უფრო ინტენსიურად არის შესაძლებელი ექსპორტზე მისი გატანა, მაგრამ ამისათვის ჯერ უნდა გქონდეს წარმოება! ისეთი გაცვლითი კურსი გვინდა, რომ პროდუქცია ვაწარმოოთ და საგარეო ბაზრებზე გავიტანოთ.
რამდენადაც დავიწყებთ ძახილს, რომ მოსახლეობა გაღარიბდება, კოსმიური ენერგია უკან დაუბრუნდება ხალხს და მუდმივად სიღარიბისკენ იქნება მიდრეკილი. მოსახლეობის გაღარიბების საწინააღმდეგო მძლავრი ბერკეტი არსებობს და ახლა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. უნდა შევქმნათ პირობები, რომ წინსვლის საშუალება მოგვეცეს. თუ ყველაფერი ასევე დარჩა და უფრო ინტენსიურად არ ვიმუშავებთ, მოსახლეობის გაღარიბება იქნება დაახლოებით 8-10%-ის ფარგლებში. რაციონალურობას თუ გამოვიჩინეთ, ზარალს შევამცირებთ“, – ასეთია სტატისტიკოსის მოსაზრება მოსალოდნელ სიღარიბის ზრდასთან დაკავშირებით.
“რეზონანსი”