ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციას გამოეხმაურა.
როგორც ტიხანოვსკაიამ ვიდეომიმართვისას აღნიშნა, სინამდვილეში ლუკაშენკო პენსიაზე გავიდა და მისი ბრძანებები ლეგიტიმური აღარ არის.
„ეს ე.წ. ინაუგურაცია, რა თქმა უნდა ფარსია. სინამდვილეში, დღეს ლუკაშენკო უბრალოდ, პენსიაზე გავიდა. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან მისი ბრძანებები ძალოვანი უწყებებისთვის აღარ არის ლეგიტიმური და არ ექვემდებარება შესრულებას. მე, სვეტლანა ტიხანოვსკაია, ვარ ერთადერთი ლიდერი, რომელიც ბელარუსმა ხალხმა აირჩია და დღეს ჩვენი ამოცანაა, ერთად ავაშენოთ ახალი ბელარუსი“ , – განაცხადა ტიხანოვსკაიამ.
მან აქვე აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნები მზად არიან ბელარუსს რეალური დახმარება აღმოუჩინონ, მას შემდეგ, რაც დემოკრატია გაიმარჯვებს.
შეგახსენებთ, დღეს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ფიცი დადო და პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. ფიცის დადების ცერემონია დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა და მას ასობით ადამიანი დაესწრო. ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს ჩატარდა.
“აიპიენი”