პარიზში, „შარლი ებდოს“ ძველ ოფისთან ოთხი ადამიანი დაჭრეს

საფრანგეთში, ჩრდილო-აღმოსავლეთ პარიზში, იმ ადგილთან ახლოს, სადაც ცნობილი ფრანგული სატირული ჟურნალის, Charlie Hebdo-ს რედაქცია იყო განთავსებული, ოთხი ადამიანი დაჭრეს, – ამის შესახებ Reuters-ი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ჟან კასტექსის განცხადებაზე დაყრდნობით  წერს.

 

განსაკუთრებით, უნდა აღინიშნოს, რომ ამ დაჭრებს წინ უძღოდა შარლი ებდოს მიერ გავრცელებული  ინფორმაცია, რომ ფრანგული გამოცემა,  მუჰამედის იმ კარიკატურას ხელმეორედ დაბეჭდავს, რომელსაც 2015 წელს რედაქციაზე ტერორისტების თავდასხმა მოჰყვა. გამოცემის განმარტებით, კარიკატურა ხელახლად გარდაცვლილი კოლეგებისთვის პატივის მისაგებად დაიბეჭდა, რომლებიც 5 წლის წინ დაიღუპნენ.

არსებული ინფორმაციით, გამვლელებს თავს ორი პირი დაესხა. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ცივი იარაღი. თვითმხილველთა ნაწილი მას ხორცის საკეპ ნაჯახად მოიხსენიებს, ნაწილი კი – დანად.

ოთხიდან ორი დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. ადგილობრივმა მთავრობამ მოსახლეობას მოუწოდა, ეჭვმიტანილების პოვნამდე, ქუჩაში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

2015 წლის 7 იანვარს ფრანგულ ყოველკვირეულ სატირულ ჟურნალს „შარლი ებდოს“ თავს დაესხნენ შეიარაღებული პირები, რომლებმაც 12 ადამიანი იმსხვერპლეს, მათ შორის 5 კარიკატურისტი. შეიარაღებული პირები გაჰყვიროდნენ „ალაჰუ აკბარ“, ანუ „ღმერთი დიდია“, რაც პირდაპირ მიანიშნებს კავშირს „შარლი ებდოს“ მიერ გამოქვეყნებულ მუჰამედის კარიკატურებსა და მომხდარს შორის. „შარლი ებდო“ საფრანგეთში ცნობილია თავისი სკანდალური კარიკატურებით.

კონსტანტინე ჩიკვილაძე