რამდენიმე თვის წინ, მომღერალ თიკა მახალდიანის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. აღდგომის ღამეს მომღერილის დედა თამუნა ანთელავა, საკუთარ სახლში მეზობელი კორპუსიდან ნასროლ ბრმა ტყვიას ემსხვერპლა.
თამუნა ანთელავას განზრახ მკვლელობის საქმეზე პოლიციელი იოსებ გაბრიაძე დააკავეს, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედიის დროს ნასვამი იყო და როდესაც სახლიდან სტუმრები გააცილა, აივანზე გავიდა და მის საკუთრებაში არსებული იარაღიდან უმისამართოდ ისროდა დასახლებული ადგილისკენ.
“პრაიმტაიმი“ თამუნა ანთელავას სიძეს, თემურ პირველაშვილს ესაუბრა და დაინტერესდა, რა ეტაპზეა ახლა საქმის გამოძიება.
– ორი სასამართლო პროცესი ჩატარდა, არსებითი განხილვა მიმდინარეობდა და მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა.
დაკავებულის ადვოკატებმა გირაოს შუამდგომლობა დააყენეს, რაზეც გავბრაზდი და სასამართლო სხდომა დავტოვე. მესმის ადვოკატმა საკუთარი საქმე, რომ უნდა გააკეთოს, მაგრამ მე ეს არ მესიამოვნა და ცოტა ხმაურიანად დავტოვე პროცესი.
პანდემიის გამო, გადაიდო შემდეგი სასამართლო და ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.
– რა რაოდენობის გირაოს სანაცვლოდ ითხოვს თავისუფლებას?
– ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეთანხმების გარეშე არაფერს გააკეთებს, 3000 თუ 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ უნდა გათავისუფლება, აპელირებენ, რომ სამი შვილის მამაა, სამი შვილი კი არა, სამი ოჯახი გაანადგურა.
– დაკავებული პოლიციელის მხრიდან, თუ მოვიდა თქვენს ოჯახში მისი წარმომადგენელი, ნანობს თუ არა გაბრიაძე ჩადენილ დანაშაულს?
– თავდაპირველად როცა ეს მოხდა, ოჯახის წარმომადგენელი მოვიდა, შედგა საუბარი ჩვენს შორის, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერი.
ვიცი, მისი მეუღლე იყო ჩვენს მამაოსთან (მამა შალვა კეკელია) მისული, უთხრა არასოდეს არ ამოჰქონდა სახლში იარაღიო – ცოლი ქმარს გაამართლებს, ბუნებრივია.
უთქვამს მივალ სასაფლაოზე, მუხლებზე დავდგები და პატიებას ვითხოვო. თიკამ მამაოს პირით შეუთვალა, მამაო მაპატიე, მაგრამ ვერ ვაპატიებო.
მამა შალვამაც უთხრა, ამ ეტაპზე ადრეა იმის თქმა, რომ ოჯახმა შეგინდოსო. შესაძლოა თიკამ მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ აპატიოს.
– როგორი ურთიერთობა გქონდათ სიდედრთან?
– ჩვენ უფრო ძმაკაცური ურთიერთობა გვქონდა. ვაწვალებდი, სიდედრო-მეთქი ვეუბნებოდი და ბრაზდებოდა ორი წუთით. სულ თამუნას ვეძახდი.
ბევრ რამეში მეხმარებოდა თამუნა, გვერდით მედგა. ბევრ მამაკაცს არ შეუძლია ისე გვერდით დგომა, როგორც მას შეეძლო.
აქტიური და განსხვავებული ადამიანი იყო. ჩემი სიმამრი სულ მეუბნებოდა, თამუნასთან უფრო მეგობრობ, ვიდრე ჩემთანო.
– ცნობილია, რომ თქვენი სიდედრი მოხუცი დედის თვალწინ მოკლეს, რას იხსენებს ბებო?
– მის გულში საშინელება ტრიალებს, არ იხსენებს თამუნას წარსულში. ისე ესაუბრება, თითქოს ცოცხალია. სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, თამუნა ახალი დაბრუნებული იყო პოლონეთიდან, სადაც კლასელთან ერთად ბიზნესი ჰქონდა, ფრენების განახლების შემდეგ ისევ აპირებდა იქ გამგზავრებას. ბებო ისე აღიქვამს, თითქოს პოლონეთში წავიდა.
როცა ის უბედური შემთხვევა მოხდა, ბებო ახლოს იჯდა ტელევიზორთან, შემოტრიალება არ შეუძლია, მსხვრევის ხმა გაიგონა, იფიქრა რაღაც გატყდა და იკითხა, თამო რა ხდებაო.
ამასობაში თიკას ძმა შემოვიდა ოთახში, დაიყვირა დედაო და ამ დროს მიხვდა, რომ რაღაც მოხდა. ბებოს სიარული უჭირს, ჯოხის გარეშე საერთოდ ვერ დადის, მაგრამ იმ მომენტში ჯოხის გარეშე მივიდა თამუნას ცხედართან.
– როგორ არის თიკა, დაუბრუნდა სცენას?
– ღმერთის წყალობით და მამაოს დახმარებით, შეძლო სცენაზე დაბრუნება. ყველანაირი რესურსი ჩავდე, მინდა კარგად იყოს. ახლა უფრო და უფრო ეტყობა, როგორ განიცდის, ნამტირალევი გამოდის სააბაზანოდან.
– კმაყოფილი ხართ საქმის მიმდინარეობით?
– ობიექტურად მიდის, მაგრამ ხანდახან ვბრაზდები, რა საჭიროა ამ საქმეზე განაჩენისთვის ამდენი ხანი. მაქსიმალურ სასჯელს ვითხოვთ. ამბობს არ ვიცნობდი და სპეციალურად არ მისვრიაო, გასაგებია, მაგრამ ოცი წელი პოლიციაში როცა მუშაობ, აივანზე გამოდიხარ და დასახლებული კორპუსისკენ ისვრი, გააზრებული უნდა გქონდეს ამას რა შეიძლება მოჰყვეს.
ამბობს განზრახ არ მომიკლავსო და ამ ნაწილში არ ეთანხმება წაყენებულ ბრალს, მაგრამ ეს რომ ყოფილიყო მოქალაქე, რომელმაც პირველად დაიჭირა ხელში იარაღი სხვა საქმე იქნებოდა.
წყარო: პრაიმტაიმი