დღესაც კი, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, რუსეთის ფედერაცია არ წყვეტს უკანონო ბორდერიზაციას, პროვოკაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე;
ინტენსიურად არის გამოყენებული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები, მათ შორის, დეზინფორმაციული შეტევები პანდემიასთან ბრძოლის ეროვნული ინფრასტრუქტურის მთავარ ობიექტზე – რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე განაცხადა.
“სამწუხაროდ, რუსეთი დღემდე არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფას. უკანონო სამხედრო წვრთნების, ბორდერიზაციის – მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის ფონზე, ოკუპაციის მძიმე ფასის გადახდა, პირველ რიგში, უწევს კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას, რომლებიც ჰუმანიტარულ კრიზისს განიცდიან – დაკარგული აქვთ წვდომა საკუთარ კარ-მიდამოზე; უწევთ ცხოვრება რეალობაში, სადაც გადასასვლელების ჩაკეტვა, ოჯახების კიდევ უფრო დაშორება ყოველდღიურობაა; სადაც მათ წართმეული აქვთ მიმოსვლის თავისუფლება, საკუთრების უფლება, განათლების უფლება, წვდომა ელემენტარულ სამედიცინო სერვისებზე. ადგილი აქვს ადგილობრივების გატაცებას, წამებას და მკვლელობას. აუცილებლად უნდა გაგახსენოთ ჩვენი მოქალაქეების – გიგა ოთხოზორია, არჩილ ტატუნაშვილი და დავით ბაშარულის სახელები, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სიცოცხლეს გამოასალმეს. საქართველო არასოდეს შეეგუება ოკუპაციას!“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
წყარო: “1tv.ge”.