ვლადისლავ არძინბას გალიდერების გარემოებები – ნაპოლეონ ქარქაშაძის მოგონებებიდან

ნაპოლეონ არკადის ძე ქარქაშაძე – ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერებაში სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, “საპატიო ნიშნისა” და “ღირსების ორდენის” კავალერი, საქართველოსა და რუსეთის სოფლის მეურნეობის სახელმწიფო მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსი გახლავთ. ბ-ნი ნაპოლეონი აფხაზეთის ქართველობაში ერთ-ერთი თვალსაჩინო და პატივცემული ადამიანია.

სურათზე: ნაციონალისტი ვლადისლავ არძინბა ლენინის ბიუსტის ფონზე, მოსკოვი.

 

გამომცემლობა “ივერიონმა”, კომპანია “მაგთის” სპონსორობით, 2013 წელს გამოსცა ნაპოლეონ ქარქაშაძის მოგონებათა წიგნი – “სხივი წყვდიადში. ანუ აკადემიკოსი გისოსებს გადაღმა”. ეს წიგნი, სააკაშვილის რეჟიმის მიერ რეპრესირებულმა აკადემიკოსმა ამ რეჟიმის მიერ რეპრესირებულ ყველა ადამიანს მიუძღვნა. ბ-ნი ნაპოლეონის პირუთვნელი მოგონებები ყველა ქართველისთვის საინტერესო წასაკითხი იქნება.

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის მორიგ შავ “იუბილესთან” დაკავშირებით, გთავაზობთ მცირე ამონარიდს ამ მოგონებებიდან. საქმე ეხება ვლადისლავ არძინბას არჩევას ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ, რაც ქართველებთან შეურიგებელი არძინბას აფხაზეთში გალიდერებას და აფხაზებსა და ქართველსბს შორის არსებული კონკურენციის დაპირისპირებაში გადაზრდას მოასწავებდა:

“დღემდე კამათობენ! სწორი იყო თუ არა, ვლადისლავ არძინბას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარედ არჩევა?! ვინ დაუჭირა მას მხარი და ვინ იყო წინააღმდეგი. იმ ხანად, მე უკვე თბილისში “სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის” რექტორად, სულ რამდენიმე თვის არჩეული ვიყავი, მაგრამ ვრჩებოდი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად და პრეზიდიუმის წევრად.

საღამო ხანი იყო, როდესაც სახლში მომაკითხა თენგიზ ჩაჩიბაიამ, რამდენიმე სოხუმელთან ერთად…

– ბატონო ნაპოლეონ, ხვალ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე, ვლადისლავ არძინბას ირჩევენ პრეზიდიუმის თავმჯდომარედ. ამ საკითხთან დაკავშირებით, ქართველებში აზრთა სხვადასხვაობაა, უმრავლესობა არძინბას არჩევის წინააღმდეგია… თქვენი აზრი, როგორც დეპუტატის და ‘ეროვნული ერთიანობის საბჭოს’ თავმჯდომარის, ალბათ, გადამწყვეტი იქნება. ქართველები შეიკრიბებიან საღამოსთვის, ‘მეშველიანის’ ტურბაზაში, თქვენი იქ ყოფნა აუცილებელია.

გვიან საღამოს უკვე ტურბაზაში ვიყავით, სადაც დამხვდნენ: ‘ეროვნული ერთიანობის საბჭოს წევრები, ჩემი მოადგილის, ლ. დევდარიანის მეთაურობით, ქართული დეპუტაცია, აფხაზეთის მთავრობის წევრები (გ. ლომინაძე, მ. დგებუაძე), ქართული ინტელიგენცია – კალანდია, ჯაიანი და სხვები, საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრები აფხაზეთიდან – მგალობლიშვილი და ლორთქიფანიძე, აგრეთვე ზვიად გამსახურდიას მრჩეველი, პროფესორი ლ. ალექსიძე. იქვე იყვნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ის დეპუტატებიც, რომლებიც აღარ ცხოვრობდნენ აფხაზეთში: თ. ზუხბაია, ლ. აბაშიძე და ნ. მეძმარიაშვილი.

გაირკვა, რომ არძინბას არჩევის წინააღმდეგია იქ მყოფთა აბსოლუტური უმრავლესობა, მაგრამ მას რეკომენდაციას თვით ზ. გამსახურდია უწევს და ეს აზრი ოფიციალურად გაახმოვანეს ლ. ალექსიძემ და ნ. მგალობლიშვილმა.

შეიქმნა ჩიხური სიტუაცია. ქართველებმა ვიცით, რომ არძინბა შეურიგებელი ანტიქართველია, რომ მისი ხელისუფლებაში მოსვლა გაუსაძლისს გახდის ქართველების ცხოვრებას აფხაზეთში; მაგრამ, მეორე მხრივ, მას მხარს უჭერს ეროვნული მოძრაობიდან ხელისუფლებაში მოსული ზვიად გამსახურდია, რომლის ავტორიტეტი შეურყეველია მთელ საქართველოში.

“რა ვქნათ?” – ეს ის კითხვა იყო, რომელზეც იქ მყოფთაგან, არც ერთს პასუხი არ გვქონდა.

შუა ღამე გადასული იყო, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრის, გ. ლომინაძის კაბინეტიდან “კოლხურ კოშკში” დავრეკეთ. ყურმილი დაცვის წევრმა აიღო. ჩვენ დავასახელეთ ვინაობა და ვუთხარით, რომ აუცილებელია გამსახურდიასთან საუბარი. ცოტა ხნის შემდეგ, გაისმა ზვიადის დაღლილი ხმა.

– რა მოხდა?!

– საღამო მშვიდობისა, ბატონო ზვიად, ბოდიშს გიხდით გვიანდელი შეწუხებისთვის… მე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ნაპოლეონ ქარქაშაძე ვარ და ვრეკავ აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის აპარატიდან.

– უკაცრავად, ვინ ბრძანდებით?

– აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ნაპოლეონ ქარქშაძე – მორიდებით გავიმეორე მე.

– ცუდად მესმის, ერთი წუთით, კარებს მივხურავ – ცოტა ხნის შემდეგ ყურმილში გაისმა – გთხოვთ, ილაპარაკოთ.

– ბატონო ზვიად, ხვალ 11 საათისთვის დანიშნულია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია, რომელზეც განსახილველად მხოლოდ ერთი საკითხია…

– ვიცი! არძინბას არჩევა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარედ, რამე პრობლემაა?..

– ბატონო ზვიად, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ქართული დეპუტაციისა და ინტელიგენციის შეხვედრა. ისინი არძინბას არჩევის წინააღმდეგნი არიან…

– ვინ ისინი? – განა ალექსიძემ არ გადმოგცათ ჩემი პოზიცია?

– დიახ, მან განაცხადა, რომ თქვენ მხარს უჭერთ არძინბას…

– მერე? თქვენ ვინ მოგცათ ჩემი გადაწყვეტილების შეცვლის უფლება?

– არძინბას აფხაზეთში იცნობენ, როგორც ანტიქართველს…- კიდევ მინდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ არ მაცალა…

– ხვალ არძინბას არჩევას უნდა დავუჭიროთ მხარი, ასეა საჭირო – თქვა და ყურმილი დაკიდა.

– მან ალბათ, უკეთესად იცის – მითხრა ლომინაძემ.

არაფერი მითქვამს. ამ საკითხთან დაკავშირებით მე ჩემი გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა, თუმცა ისიც ვიცოდი, რომ ამით ვერაფერს შევცვლიდი.

ვიცნობდი თუ არა ვლადისლავ არძინბას?! დიახ, ვიცნობდი. ჩვენ ერთმანეთი ბორის ადლეიბას კაბინეტში გავიცანით, შევხვედრივართ სუფრაზეც, როგორც ქართულ, ისე აფხაზურ ოჯახებში. იგი განათლებული კაცი იყო და ღიად აფიქსირებდა თავის ანტიქართულ პოზიციას. ასეთი მენტალიტეტის კაცი, მეტ-ნაკლებად “ასატანი” იყო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე, მაგრამ ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელად… უკვე ძალიან საშიში.

ღამის ორი საათი იქნებოდა, როდესაც ბინაში მისულს (თბილისში წამოსვლის შემდეგ, სოხუმში ბინა დავტოვე), სადარბაზოსთან ბორის ადლეიბას კლასელი და მეგობარი, გივი ჯიტავა დამხვდა, აფხაზეთში იგი ერთ-ერთ საამშენებლო ტრესტს ხელმძღვანელობდა. გულთბილი მოკითხვის შემდეგ მან მითხრა, რომ ადლეიბას უნდოდა ჩემთან შეხვედრა და ოჩამჩირეში, მამა-პაპისეულ სახლში მელოდებოდა.

– თუ იგი არძინბას მხარდასაჭერად მიხმობს, ამის საჭიროება აღარაა, მხარს თავად გამსახურდია უჭერს.

– ვეჭვობ, რომ პირიქით… – მითხრა მან.

გამიკვირდა…

ადლეიბა ყოველთვის მოიაზრებოდა არძინბას მხარდამჭერად, მან ჩამოიყვანა იგი მოსკოვიდან, მისი რეკომენდაციით აირჩიეს სსრ კავშირის სახალხო დეპუტატად და მუდმივმოქმედი სადეპუტატო საბჭოს წევრად. მოსკოვში ყოფნისას, ხშირად მინახავს იგი ადლეიბას სასტუმრო ნომერში… ახლა კი?! მივხვდი, რომ ადლეიბას სერიოზული რამის თქმა უნდოდა, მაგრამ რისი??”

(გაგრძელება იქნება)