მოსკოვი სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მის სომეხ კოლეგას ზოჰრაბ მნაცაკანიანს ტელეფონით ესაუბრა, რა დროსაც მხარეებმა მთიანი ყარაბაღის ზონაში შექმნილი ვითარება განიხილეს.

 

„სერგეი ლავროვმა სერიოზული შეშფოთება გამოხატა გამყოფ ხაზზე მიმდინარე ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების, გარდაცვლილებისა და დაჭრილების შესახებ არსებული ინფორმაციის გამო. ხაზი გაესვა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობას. აღინიშნა, რომ რუსეთი, ეუთოს მინსკის ჯგუფის სხვა თანათავმჯდომარეებთან ერთად, განაგრძობს შუამავლის მისიის შესრულების ძალისხმევას, რაც მიმართულია სიტუაციის დასტაბილურებისკენ“, – აღნიშნულის რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მანამდე გავრცელებულ განცხადებაში ოფიციალურმა მოსკოვმა მხარეებს მოუწოდა „დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი და დაიწყონ მოლაპარაკებები სიტუაციის დარეგულიერების მიზნით“.

ცნობისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ გამწვავდა. მხარეები შეიარაღებული თავდასხმებისა და მსხვერპლის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. ისინი შექმნილი ვითარების გამო პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

“აიპიენი”