ტიხანოვსკაია ემანუელ მაკრონს მოუწოდებს, ბელარუსის კრიზისში შუამავლის როლი შეასრულოს

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბელარუსის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შუამავლის როლი უნდა შეასრულოს.

 

„ჩვენ ძალიან გვჭირდება შუამავლობა, რათა თავიდან ავიცილოთ სისხლისღვრა. მაკრონი შუამავალი შეიძლება იყოს და გავლენა მოახდინოს პუტინზე, რომელთანაც მას კარგი ურთიერთობები აქვს“, – განაცხადა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა.

27 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო უნდა წავიდეს. ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ბელარუსის ლიდერი უნდა გადადგეს მას შემდეგ, რაც მისი პრეზიდენტობა ევროკავშირმა ლეგიტიმურად არ აღიარა.

23 სექტემბერს მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, რომლის შესახებ მანამდე არაფერი იყო ცნობილი. ღონისძიებას ასობით ბელარუსი საჯარო მოხელე დაესწრო. ცერემონიის კადრები ადგილობრივ მედიაში მხოლოდ ღონისძიების დასრულების შემდეგ გავრცელდა. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიმ კი თავი ბელარუსის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად გამოაცხადა.

“imedi”