მთიან ყარაბაღში ვითარების ესკალაცია კავკასიის პრობლემად და მსოფლიოსთვის დიდ გამოწვევად იქცევა, მიაჩნია საქართველოს კათოლიკოს–პატრიარს.
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე იმედს გამოთქვამს, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებები, ასევე საერთაშორისო საზოგადოება მთიან ყარაბაღში ვითრების შემდგომ ესკალაციას არ დაუშვებენ, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ პატრიარქის გზავნილში.
სიტუაცია მთიან ყარაბაღში 27 სექტემბრის დილას მკვეთრად გამწვავდა – ბაქო და ერევანი ერთმანეთს სიტუაციის გამწვავებაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ცეცხლი სომხურმა მხარემ გახსნა, ხოლო აზერბაიჯანის ძალებმა კონტრშეტევითი ოპერაცია დაიწყეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღზე „საჰაერო და სარაკეტო იერიში მიიტანა“.
ილია მეორე წერს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განახლებული ფართომასშტაბიანი დაპირისპირება მის შეშფოთებას იწვევს.
„ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია, რადგან ორივე ქვეყნის მეზობლები და მეგობრები ვართ და საქართველოშიც მრავლად ცხოვრობენ როგორც აზერბაიჯანელები, ისე სომხები. ვიმედოვნებთ, როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყნის ხელისუფალნი და საერთაშორისო საზოგადოება არ დაუშვებენ ვითარების მკვეთრ ესკალაციას, რაც კავკასიის პრობლემად და მსოფლიოსთვისაც დიდ გამოწვევად იქცევა“, – ნათქვამია პატრიარქის წერილში.
ადრე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზრბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის დეესკალაციის ნებისმიერი ფორმით შელშეწყობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ოფიციალურმა თბილისმა მხარეებს ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების აღკვეთისთვის დიალოგისკენ მოუწოდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი და სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით მოლაპარაკებები დაიწყონ.
მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ–დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე. კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას, სომხეთი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.
“სპუტნიკი”