აზერბაიჯანის ცნობით, მათი ძალები ფიზულის დასაკავებლად შეტევას ახორციელებენ, სომხეთის თავდაცვის უწყებაში კი ამბობენ, რომ მოწინააღმდეგე მხარე მორიგი თავდასხმისთვის ემზადება

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანული ძალები ქალაქ ფიზულის დასაკავებლად შეტევას ახორციელებენ. უწყების განცხადებას აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ ავრცელებს.

 

„დილის 07:00-დან 08:00 საათამდე სომხეთის ჯარების კიდევ ოთხი ტანკი გაანადგურეს ჩვენმა გმირმა სამხედროებმა ფრონტის ფიზული-ჯებრაილის მიმართულებაზე. ამჟამად საბრძოლო მოქმედებები გრძელდება“, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი არწრუნ ჰოვანისიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რომ მოწინააღმდეგე მხარე მორიგი თავდასხმისთვის ემზადება.

„მოწინააღმდეგემ ძლიერი საარტილერიო მომზადება დაიწყო, ის მორიგი თავდასხმისთვის ემზადება“, – წერს სომხეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელი.

მანამდე, სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროებმა გასული ღამის განმავლობაში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებებისა და მოწინააღმდეგის დანაკარგის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.

“1 არხი”