კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის განხილვისა და ღრმა ანალიზის თემაა.
„რა თქმა უნდა, არსებული ვითარება, მიმდინარე საომარი მოქმედებები შეხების ხაზზე ორგანიზაციის სიღრმისეული ანალიზისა და შესაძლო განხილვის თემებია. სხვა მხრივ, თავს შევიკავებ ნებისმიერი კომენტარის გაკეთებისგან, იმის გამო, რომ ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია, რაშიც ყველამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს,”- განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სიტუაცია 27 სექტემბერს დაიძაბა, რის შემდეგაც სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის შეტაკებები არ წყდება. დაღუპულია ათობით და დაშავებულია ასობით ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები. მხარეები მძიმე არტილერიის გამოყენებასა და სიტუაციის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
“აიპიენი”