საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვინლიუსში ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც შეხვედრის შემდეგ ტიხანოვსკაიამ განაცხადა, ემანუელ მაკრონი მას დაჰპირდა, რომ ბელარუსის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში დაეხმარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას შეუწყობს ხელს.
„ის დაგვპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დროს მოლაპარაკებების გამართვისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების ხელშეწყობისთვის“, – განაცხადა ტიხანოვსკაიამ შეხვედრის შემდეგ.
ცნობისათვის, ემანუელ მაკრონი ორდღიანი ვიზიტით ლიეტუვაში იმყოფება. გუშინ მან ბელარუსის ხელისუფლებას უკანონო დაპატიმრებების შეწყვეტისა და საპროტესტო აქციების დროს თვითნებურად დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ვიზიტამდე ერთი დღით ადრე კი განაცხადა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო უნდა წავიდეს.
“აიპიენი”