ილჰამ ალიევი: თურქეთი არ არის კონფლიქტის მხარე და კონფლიქტში არ მონაწილეობს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მთიან ყარაბაღში შეიარაღებულ კონფლიქტში თურქეთის მონაწილეობა უარყო.

 

„თურქეთი არ არის კონფლიქტის მხარე და კონფლიქტში არ მონაწილეობს. ამის საჭიროება არ არსებობს“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა რუსული ტელეკომპანია Россия-1-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთს რეგიონში მასტაბილიზირებელი როლი აქვს.

„თურქეთი ჩვენი ძმური ქვეყანა და ჩვენი მოკავშირეა. თურქეთი მორალურ მხარდაჭერას გვიწევს და ამისთვის მას მადლობას ვუხდით“, – დასძინა აზერბაიჯანის ლიდერმა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

“იმედი”