“სამხრეთის კარიბჭე”, მარიამ ბარძიმაძე, 28 სექტემბრის საღამოს: ნინოწმინდაში, საქართველო–სომხეთის საზღვართან ვითარება დღეს, 28 სექტემბერს გვიან საღამოს დაიძაბა. ცენტრალური გზა პოლიციის თანამშრომლებს აქვთ გადაკეტილი, ისინი სატვირთო მანქანების არ ატარებენ.
„ნინოწმინდასა და ახალქალქში ხალხმა შეაგროვა საბურავები, მედიკამენტები, ბოსტნეული, ყველაზე საჭირო ნივთები შეგროვდა და გვინდა სომხეთში ჩავიტანოთ, იქ ომია და ჩვენს ძმებს დახმარება სჭირდებათ. ვისაც ორი შარვალი ჰქონდა ერთი სომხეთში გასაგზავნად გამოიტანა, ამ ადამიანების ნათესავები და ახლობლები იბრძვიან, მე ახლა საზღვრიდან 10 კილომეტრის დაშორებით ვიმყოფები. ერთმანეთში საუბრობენ საქართველოს და სომხეთის საგარეო უწყებები, რა და როგორ იქნება პასუხს გვეტყვიან“,- ამბობს ნინოწმინდაში მცხოვრები ანდრანიკ კარსლიანი.
ორი ქვეყნის საზღვართან ადგილობრივები დაახლოებით 21:50 სთ-ზე მივიდნენ.
ვითარების გასარკვევად “სამხრეთის კარიბჭე” შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა ჩვენს ზარებს არ უპასუხეს. კომენტარი არ გააკეთეს არც შინაგან საქმეთა სამინისტროში.
მოგვიანებით, ვითარების განმუხტვა მოხდა, როდესაც ქართულმა საბაჟომ საკვები პროდუქტებით დატვირთული ფურები გაატარა სომხეთის მიმართულებით.
“ოთხი ტრაილერი გვყავდა საბურავებით დატვირთული და უკან გააბრუნეს, ხვალიდან დავიწყებთ მოლაპარაკებებს, რომ სურსათის მსგავსად მათი გატანის უფლება მოგვცენ”, – აცხადებენ ადგილობრივები.
ადგილობრივებთან ერთად, სამართალდამცავებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა დილისკის ეკლესიის მღვდელი ტერ ტიგრან მხითარიანი. მისი თქმით, რადგან სურსათის გადატანის უფლება მისცეს, ადგილობრივები ხვალ კიდევ შეაგროვებენ.
დღეს, 28 სექტემბერს ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მთელი დღის განმავლობაში აგროვებდნენ სურსათს, ტანსაცმელს, მედიკამენტებს და საბურავებს. სომხეთის დასახმარებლად ახალგაზრდები მოხალისეთა სიაშიც ჩაეწერნენ.
https://www.facebook.com/100048257534087/videos/180130920272158/?t=217