4%-იანი უმუშევრობა და 140-დოლარიანი მინიმალური ხელფასი – მთიანი ყარაბაღი რიცხვებში …

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, მთიან ყარაბაღში შეიარაღებული შეტაკებები გრძელდება. აზერბაიჯანსა და სომხეთში, ორივე ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაციაა გამოცხადებული.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, განადგურებულია სომხური მხარის საბრძოლო მასალის 3 საწყობი, ათობით ტექნიკა, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი 550-ია. აღსანიშნავია, რომ სანამ აზერბაიჯანი ამ ინფორმაციას გაავრცელებდა, მანამდე სომხურმა მხარემ განაცხადა, რომ განადგურებულია აზერბაიჯანის არმიის 4 ვერტმფრენი, 33 ტანკი და საბრძოლო მანქანა, ასევე 27 უპილოტო საფრენი აპარატი. მათივე მტკიცებით, არიან დაღუპულები და დაჭრილები, თუმცა აზერბაიჯანული მხარე ინფორმაციას მალავს. არაღიარებულ მთიან ყარაბაღში კი აცხადებენ, რომ ღამის განმავლობაში დაკარგული პოზიციების ნაწილი აღადგინეს.

მთიანი ყარაბაღი (არცახი) დე ფაქტო რესპუბლიკაა, რომელმაც დამოუკიდებლობა 1991 წლის 2 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის ოლქისა და შაუმიანის რაიონის საბჭოების გაერთიანებულ სხდომაზე გამოაცხადა. მოიცავს აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის ოლქსა და მის მეზობლად მდებარე შაუმიანის რაიონს.

ერთ-ერთი ბოლო მონაცემებით, დე ფაქტო რესპუბლიკაში დაახლოებით 150 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. „რესპუბლიკაში“ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა დასაქმებულია, არცახში უმუშევრობის მაჩვენებელი მხოლოდ 4%-ს შეადგენს. თვითაღიარებული რესპუბლიკის სახელმწიფო ენა არის სომხური, ფულადი ერთეული კი სომხური დრამი. ძირითადი ეკონომიკური საქმიანობაა – ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ოქროს და სპილენძის მოპოვება, ტრიკოტაჟის წარმოება.

2019 წლის მონაცემებით, დე ფაქტო რესპუბლიკის მშპ 7 168 მლნ დოლარს შეადგენდა, ერთ სულ მოსახლეზე კი 4 779 დოლარს.

მთიანი-ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სავაჭრო პარტნიორი მხოლოდ სომხეთია, „რესპუბლიკა“ წარმოებულ პროდუქციას სომხეთში ყიდის და შესაბამისად, იმპორტსაც სომხეთიდან ახორციელებს. 2020 წლის იანვარ-მარტში ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 108 მლნ დოლარს გადააჭარბა, საიდანაც 73 მლნ დოლარი სომხეთიდან იმპორტი იყო.

მთიან ყარაბაღში საშუალო ხელფასი და პენსია არც ისე დაბალია. ოფიციალური მონაცემებით, დე ფაქტო რესპუბლიკაში საშუალო ხელფასი 185 665 დრამია, რაც დღევანდელი კურსით 382 დოლარია, მინიმალური ხელფასი კი 140 დოლარი, ანუ 68 000 დრამი. რაც შეეხება პენსიას, „რესპუბლიკაში“ ის თვეში 105 დოლარს შეადგენს.

წყარო: bpn.ge