ამბავი ყოფილი მეეზოვე ბიჭისა, რომელიც დღეს წარმატებული მწვრთნელია …

6 წლის ასაკში დამწვრობა მივიღე და გამაყუჩებლის გარეშე “ამაფხიკეს” – მეეზოვე ბიჭი, რომელიც დღეს წარმატებული ქოუჩია.

ენერგია, შემართება და სტიმული ჩვენი ცხოვრების მთავარი მამოძრავებელია! ვმოძრაობთ, ვაზროვნებთ, ვგრძნობთ, მაგრამ არ ვჩერდებით. ვცდილობთ… ხან შეგვიძლია, ხან არა, მაგრამ საბოლოოდ ყველას გვჯერა, რომ თუ არ გავჩერდებით, აუცილებლად ყველაფერს შევძლებთ. ამჯერად ჩვენი რესპოდენტი 27 წლის კახი ლობჟანიძეა, რომელმაც წარმატებამდე ძალიან რთული ნაბიჯები გაიარა.

ოჯახზე მოგვიყევი და იმ სირთულეებზე, რამაც ბრძოლისუნარიანობა შეგმატა …

უმამოდ გავიზარდე. ყველაფერი მის გარეშე გადავლახე. სამი წლის ვიქნებოდი, როდესაც მე და 21 წლის დედა ყველა სირთულესთან მარტო დავრჩით. 21 წლის, ჯერ თავად გასაზრდელმა დედამ, აიღო პასუხისმგებლობა და თქვა, რომ ყველაფერს გადალახავდა და ჩვენ ბედნიერები ვიქნებოდით. ასეც მოხდა. ბევრი წინააღმდეგობა გადავლახეთ, თუმცა ოჯახის წევრების თანადგომით ჩვენ გადარჩენა შევძელით. რაიმეს შეცვლა რომ შემეძლოს, არაფერს შევცვლიდი, იმიტომ რომ დღეს ძალიან ბედნიერი ვარ..

პირველი ტრავმა და სირთულე, რაც მძიმედ აღიბეჭდა შენ ცხოვრებაში?..

6 წლის ასაკში, კიკეთში ვისვენებდი. მეზობლის დაბადების დღე იყო. ბავშვები ერთობოდნენ, მეც მათთან მივედი სათამაშოდ. მახსოვს, კართან ვიდექით მე და ჩემი ნათლიის შვილი. იუბილარის ძმა მოგვიახლოვდა, გაგვეხუმრა და იქვე ახლოს მდებარე ახალადუღებული ჩაიდნით ვითომ შეგვაშინა. სამწუხაროდ, ხუმრობა არ გამოვიდა. წყალი შემომესხა და მთლიანად დავიწვი. ამის შემდეგ, დამწვრობის ცენტრში, გამაყუჩებლის გარეშე, დამწვარი სხეული “ამაფხიკეს”. არაამქვეყნიური ტკივილი გადავიტანე და შემდეგ, დავივიწყე. თუმცა, გავაცნობიერე, რომ 6 წლის ასაკში ჩემი ბავშვობა დასრულდა. ეს ტრავმა მთელი ცხოვრება ყველაფერ კარგს ბლოკავდა, მაგრამ ასაკთან ერთად გავაცნობიერე, რომ ყველანაირი ტრავმა და სირთულე ადამიანს აძლიერებს. ამ ისტორიის გარდა ბევრი ნათელი, ტკბილი და სასიამოვნო მოგონება მახსენდება, მაგრამ ეს ყველაზე ძლიერად ჩარჩა გონებაში. ალბათ, ასე იქნება ცხოვრების ბოლომდე და ყველა ეტაპზე გავიხსენებ იმ პირველ ძალიან დიდ ტკივლის. რომელმაც ბავშვობა დამიმთავრა, მაგრამ ცხოვრებში დიდი შესაძლებლობები მომცა.

მომდევნო ეტაპი, როდესაც უკვე სკოლის მოსწავლე გახდი… ვიცი, რომ ესეც რთული პერიოდი იყო …

მეორე კლასში მაბულინგებდნენ. ამას წლები ვმალავდი. არ ვიცი რატომ. ალბათ, მეშინოდა. არ მინდოდა ვინმეს ეთქვა სუსტია და დაჩაგრესო. მინდა სამაგალოთო ვიყო, სხვა პატარებისთვის ან დიდებისთვის, ყველასთვის ვინც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება, მინდა ვუთხრა, რომ ეს სირცხვილი არ არის და არც არაფერი მთავრდება. პირიქით, ამ დროს იწყება ყველაფერი. ეტაპობრივად ვაცნობიერებდი, რომ რაც მეტი ცუდი ხდებოდა, მეტად ვიზრდებოდი, ვსწავლობდი, ვძლიერდებოდი და ვვითარდებოდი.

16 წლიდან მუშაობა გადავწყვიტე, იმ იმედით რომ ხელფასი მექნებოდა (მაშინ მეგონა ეს იყო მთავარი და თან განვითარდებოდი). ანაზღაურების გარეშე დიდი ხანი ვიმუშავე. შედეგად დამრჩა მხოლოდ გამოცდილება და ყოველდღიურად დახარჯული დღიური “ჯიბის ფული” 2-5 ლარი, რომელსაც ბაბუა ან დედა მაძლევდა. სულ თხოვნა და მტკიცება მიწევდა, ასეა საჭირო, რომ გავიზარდო, უნდა ვიმუშაო, უნდა ვიბრძოლო, უნდა გავუძლო. შედეგად დიდი გამოცდილება შემრჩა. მაგრამ შემოსავლები ვერ მივიღე..

საკუთარი თავი არ მაკმაყოფლებლდა. ყველაფრისთვის მზად ვიყავი. მთავარი ჩემი განვითარება და წინსვლა იყო. ერთ დღესაც მეეზოვის ვაკანსია გამოჩნდა. წარმოიდგინეთ, დაუფიქრებლად ვთქვი – ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთო, ეს მჭირდება და მაშინ ასეც იყო. ცხოვრების ასე ადრეულ ეტაპზე მეეზოვედ ვიმუშავე. საინტერესო გამოცდილება და პერიოდი იყო, ბევრი ვისწავლე, ბევრ რამეზე დავფიქრდი, შრომა დავაფასე, მშრომელი ხალხი უფრო დავაფასე, სისუფთავე, ზრუნვა და მოფრთხილება ვისწავლე… დიდი გამოცდილება იყო და მადლიერი ვარ იმ დროის.

ამასობაში მოვიდა აბიტურიენტობა. რა თქმა უნდა, ფინანსები არ გვქონდა. თუმცა დედის დახმარებით სესხით ჩავაბარე, რაც შემდეგ ერთად დავფარეთ. ინგლისურის ჩაბარება გადავწყვიტე. სამწუხაროდ, ბარიერიც ვერ გადავლახე, რადგან შეხებაც არ მქონია. მოკლედ, “გავჯიუტდი” და მიზნად დავისახე. 6 თვე, დღეში 7-8 საათი ვმეცადინეობდი. სულ ინგლისურზე ვფიქრობდი, ფილმებს ვუყურებდი, ვკითხულობდი, ვწერდი, მაგრამ ვერ ვიგებდი. მასწავლებელი ძალიან მეხმარებოდა. სჯეროდა, რომ შევძლებდი და შევიცვლებოდი. დიახ, დაუღალავი შრომის შემდეგ, ბარიერი გადავლახე და ჩავაბარე. ეს იყო პირველი წარმატება, რომელიც ბევრი წვალების შემდეგ მოხდა.

შემდეგ, თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში ვიმუშავე. სტაჟირებით დავიწყე. 400 ადამიანში სტრუქტურით ბოლო ადგილს ვიკავებდი. ასაკით ყველაზე პატარა ვიყავი. მთელი მონდომება, ახალგაზრდული შემართება, ენერგია და ცოდნა სამუშაო პროცესში ჩავდე. რამდენჯერმე დავწინაურდი და ბოლოს, გენერალური დირექტორის მრჩეველი გავხდი. ამ პერიოდში ძალიან ბევრი ღირებული და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა თბილისისთვის და განათლებისთვის, მაგრამ 4 წლის თავდაუზოგავი შრომის შემდეგ, “რეორგანიზაციით” გამანთავისუფლეს! ან გამომაგდეს, როგორც გნებავთ, ისე უწოდეთ, თითქოს, ცხოვრებაში ერთი ეტაპი დასრულდა. თითქოს ყველაფერი გაჩერდა, მაგრამ ისევ, ყველაფერი თავიდან დავიწყე.

გარკვეული პერიოდი თითქოს საკუთარ თავს ვებრძოდი ან გარშემომყოფებს ან არ ვიცი ცხოვრებას. მაგრამ შინაგანად ვეძებდი გასაღებს, რაც წარმატებას მომიტანდა. არ ვნებდებოდი.

2016 წელს აშშ-ში წასვლა და ახალი ცხოვრების ყველაზე რთული გზით გაგრძელება გადავწყვიტე. აქაც ხელი შემეშალა. რამდენიმე წელი იმედგაცრუებით, ოცნებით, ფიქრებით და მიზნებით ვიცხოვრე. შემდეგ, ნიუ-იორკში საქმიანი ვიზიტით წავედი. თუმცა, არ დავრჩი, რადგან ამერიკიდან საკუთარ თავზე გამარჯვებული დავბრუნდი. ამასობაში, პერსონალური ქოუჩი გავხდი. გონება, რომ გაგინათდება და ზუსტად მიხვდები, რომ ეს შენია, ამას ეძებდი და პროფესიასაც მივაგენი.

ახლა, რა არის შენი მიზანი?

სხვა ადამიანებს წარმატებასა და განვითარებაში ვეხმარები. საერთო ღირებულებების მქონე პარტნიორებთან და გუნდთან ერთად, კომპანია “ქართველი” დავაარსე, რომელიც ქვეყანაში სტუმართ-მასპინძლობას და სახელმწიფო ბრენდინგის განვითარებას უწყობს ხელს, მომავალი თაობის გაძლიერების და განვითარების პლატფორმის კანტის აკადემიის ორგანიზაციული ქოუჩი და გუნდის წევრი გავხდი. შევდექი, როგორც სპიკერი და ლექტორი, საკუთარ თავში დიდი ბედნიერება ვიპოვნე. როცა მეკითხებიან, ვარ თუ არა ბედნიერი, ახსნა აღარ მჭირდება პასუხამდე – რომ კი, ძალიან ბედნიერი ვარ. საკუთარი თავი კიდევ უფრო მეტად შევიყვარე. ჩემი ქვეყანა, სამყარო, ადამიანები… მგონია, რომ მე უნდა შევცვალო ყველაფერი. წინ ძალიან დიდი მიზნები და გეგმები მაქვს.

როგორ ფიქრობ, დასრულდა ცხოვრებასთან ბრძოლა?

ცხოვრებასთან ჭიდილი და ბრძოლა ყოველდღე, ნებისმიერ წამს მიმდინარეობს. მოვა შიში და შენ უბრალოდ უნდა შეძლო. თვალებში უნდა ჩახედო. შემდეგ, მიიღო და დაამარცხო. ეს საკმარისია იმისათვის, რომ თავდაჯერებულად გააგრძელო..

რას ეტყვით ადამიანებს, რომლებიც ჯერ დაწყებით ეტაპზეა და ახლა ეცნობა სამყაროს?

ხანდახან ვფიქრობ, რომ რაც მე შევძელი, არაფერია იმის ფონზე, რაც სამყაროში ადამიანებმა შეძლეს. პირიქით, მაინც მგონია, რომ მარტივი ცხოვრება მქონდა. მეტი ტკივილი და სტრესი რომ გამევლო, უფრო ძლიერი ვიქნებოდი, რადგან მჯერა ადამიანებს ტკივილი და სტრესი საბოლოოდ აძლიერებს.

ცხოვრება გრძელდება, წინ კიდევ ბევრი გამოწვევა იქნება, ბევრი წინაღობა, ბევრი ზრდა და წარმატებაც.

ადამიანები ხშირად გვაკრიტიკებენ, მაგრამ უფრო უდგანან მხარში ერთმანეთს. მე ყოველთვის ადამიანების გვერდში დგომის იმედი მაქვს. ასევე ვიქცევი მეც. მთავარია, დავაფასოთ ერთმანეთი და ვაღიაროთ წარმატება. ის კი, აუცილებლად მოვა. ბედნიერებას რაც შეეხება, სულ ჩევნთანაა. ჩვენ მხოლოდ წინსვლა და მისი დანახვა შეგვძლია.

ავტორი: ნანკა ქოქიაშვილი
წყარო: fortuna.ge