“დავით გარეჯთან დაკავშირებით ყველა სადაო, საეჭვო და დასაზუსტებელი საკითხი  საქართველოს საზიანოდ გადაწყდა”

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, დავით გარეჯთან დაკავშირებით ყველა სადაო, საეჭვო და დასაზუსტებელი საკითხი გადაწყვეტილი იყო საქართველოს საზიანოდ.

 

როგორც მან დავით გარეჯთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, ძალიან დიდ ეჭვს იწვევდა ძველი კომისიის შემადგენლობა.

„დაწვრილებით ვერაფერს გეტყვით. უშუალოდ, ვინც იყო დაკითხვაზე მათ შეუძლიათ დაზუსტებით გითხრათ ამის შესახებ. განცხადებებში ჩვენ ადრე ვსაუბრობდით ამაზე, რომ ძალიან დიდ ეჭვს იწვევდა ძველი კომისიის შემადგენლობა. ყველა სადაო, საეჭვო და დასაზუსტებელი საკითხი იყო გადაწყვეტილი საქართველოს საზიანოდ. ჩვენი ძირძველი სიწმინდეებია, მეტიც, საპატრიარქოს კუთვნილებაა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა ეკლესია-მონასტერი“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

“აიპიენი”