“სახელმწიფო ინტერესებით შეფუთულმა მავნებლურმა ქმედებებმა მიგვიყვანა 2008 წლის აგვისტოს ტრაგედიამდე”

ფრთხილად მინდა შევეხო ძალიან მგრძნობიარე და ამავე დროს უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო საკითხს, რომელიც ჩვენს საგარეო პოლიტიკასაც უკავშირდება.

 

ეს არის ჩვენი სახელმწიფო საზღვრის საკითხი და ნებიმისმიერი ჩვენი მოქალაქე, ვისთვისაც საქართველო სამშობლოა (გვიწევს ამ კითხვის დასმაც, სამწუხაროდ, რადგანაც გარკვეულ ადამიანებთან მიმართებაში ეს კითხვა ჩნდება) აცნობიერებს მის მნიშვნელობას, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

მისი თქმით, თუ საქართველოს პროკურატურამ სათანადო ინფორმაციის და დოკუმენტების საფუძველზე მიიჩნია, რომ 2007 წელს კომისიის მუშაობის და შეთანხმებების მიღწევის პროცესში ჩართული მოხელეების მოქმედებებში იკვეთება დანაშაულის ნიშნები, ის უბრალოდ ვალდებული იყო დაეწყო გამოძიება.

,,რამდენიმე დღის წინ ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესთან დაკავშირებით აღმოჩენილია ახალი გარემოებები გარკვეული რუკების სახით, რომლებიც, საექსპერტო დასკვნებთან ერთად გადაეცა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს და ისიც აღინიშნა – ახლად აღმოჩენილი გარემოებები ცხადყოფენ, რომ შესაბამისი კომისიის ფარგლებში, საზღვრის გარკვეულ მონაკვეთებზე აზერბაიჯანულ მხარეთან მიღწეული წინასწარი შეთანხმებები საჭიროებენ გადახედვას, რადგან, როგორც ჩანს, ისინი ჩვენი მხარისთვის საზიანოდ იყო შეთანხმებული. აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მხარემ, როდესაც სამუშაო რეჟიმში გადასცა მტკიცებულებები, აზერბაიჯანულ მხარეს არ დაუწყია საკითხის პოლიტიკური კუთხით აჟიტირება, რასაც აუცილებლად გააკეთებდა წინა ხელისუფლება. გაკეთდა მხოლოდ მინიმალურად აუცილებელი კომენტარები.
თუ საქართველოს პროკურატურამ სათანადო ინფორმაციის და დოკუმენტების საფუძველზე მიიჩნია, რომ 2007 წელს კომისიის მუშაობის და შეთანხმებების მიღწევის პროცესში ჩართული მოხელეების მოქმედებებში იკვეთება დანაშაულის ნიშნები, ის უბრალოდ ვალდებული იყო დაეწყო გამოძიება, რადგანაც ეს არის მისი უშუალო მოვალეობა. გამოძიება დაწყებულია, სამართლებრივი პროცესია და იგი პოლიტიკური სპეკულაციების და ხელოვნური აჟიოტაჟის გარეშე უნდა წარიმართოს, და ყველა მოთმინებით უნდა დაველოდოთ მის შედეგებს. იმედია, გამოძიება გონივრულ ვადებში დასრულდება. გამოძიება, რომელიც ჩვენი შიდა, სამართლებრივი საკითხია, არანაირად არ უკავშირდება აზერბაიჯანთან ორმხრივ ურთიერთობებს. ნათქვამია, ქურდს თავზე ქუდი ეწვისო. ამ ყველაფრის ფონზე, მით უმეტეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებების ესკალაციის ფონზე, ძალიან ბევრ ეჭვს ბადებს ოპოზიციის მხრიდან ამ ძალზე მგრძნობიარე საკითხით მანიპულირება და ტრადიციულად გაყალბებული ინფორმაციის გავრცელება, ასევე მათი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის პროვოკაციული განცხადებები, რომელიც არის ჩვენს მეზობელ და მეგობარ სახელმწიფოსთან ურთიერთობის დაძაბვის მცდელობა გამომდინარე შედეგებით. ყველა ხვდება, თუ ვის წისქვილზე ასხამს ეს წყალს. სხვათა შორის, სახელმწიფო ინტერესებით შეფუთულმა მავნებლურმა ქმედებებმა მიგვიყვანა 2008 წლის აგვისტოს ტრაგედიამდე”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

29 სექტემბერს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

“იმედი”