ერდოღანი: ვაფრთხილებ მათ, ვინც სომხეთის ბანდიტურ სახელმწიფოს მხარს უჭერს- პასუხს აგებთ კაცობრიობის სინდისის წინაშე

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რეგიონში მდგრადი მშვიდობის დასამყარებლად საჭიროა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიებიდან თავისი ძალები გაიყვანოს.

 

„თურქეთისთვის ცილისწამების მცდელობა სომხეთის მთავრობას ვერ გადაარჩენს. ვაფრთხილებ მათ, ვინც მხარს უჭერს ამ ბანდიტურ სახელმწიფოს, რომ ისინი პასუხს აგებენ კაცობრიობის სინდისის წინაშე“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ ის ქვეყნები, რომლებიც მთიანი ყარაბაღის ოკუპაციას უგულებელყოფენ, ფარისევლები არიან.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველო მზად არის, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს თბილისში უმასპინძლოს.

“იმედი”