ვლადიმირ პუტინი და ემანუელ მაკრონი სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ვლადიმირ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრის დროს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არსებული მდგომარეობა განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებელი და სრული შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

„შეხვედრაზე სერიოზული შეშფოთება გამოითქვა ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების გამო. ვლადიმერ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებელი და სრული შეწყვეტისკენ, დაძაბულობის დეესკალაციისა და მაქსიმალური თავშეკავების გამოიჩენისკენ მოუწოდეს,” – ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კრემლის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს იმას, რომ მთიანი ყარაბაღის კრიზისის პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს.

მედიის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა.

“აიპიენი”