ბელარუსმა დააწესა საპასუხო სანქციები ევროკავშირის რიგი ოფიციალური პირების მიმართ, ამის შესახებ ნათქვამია რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.
მანამდე ევროკავშირმა შეადგინა შავი სია, სადაც ბელარუსის 40-მდე ჩინოვნიკი შეიყვანა, რომლებიც, მისი აზრით, პასუხისმგებელნი არიან არჩევნების გაყალბებასა და ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევაში.
“ევროკავშირის მიერ ბელარუსიის რამდენიმე ოფიციალური პირის მიმართ დაწესებულ სავიზო სანქციებთან დაკავშირებით, ბელარუსული მხარე დღეიდან აწესებს საპასუხო სანქციებს”, – განაცხადა ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
“სანქციებმა შეიძლება კიდევ უფრო სერიოზული შედეგები გამოიწვიოს, მაგალითად, ბელარუსის ერთობლივი პროგრამებიდან და პროექტებიდან გასვლა, დიპლომატიური დონის გადახედვა და დიპლომატიური ურთიერთობების შენარჩუნების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილება”, – იუწყება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს დასრულდა. ცესკოს მიერ გამოცხადებული ოფიციალური შედეგების თანახმად, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80,1% მიიღო. ის პრეზიდენტად ზედიზედ მეექვსედ იყო წარდგენილი.
ოპოზიციამ ხელისუფლება გაყალბებაში დაადანაშაულა. ლუკაშენკოს მეტოქე სვეტლანა ტიხანოვსკაიას შტაბის გათვლებით, მან 70-80% დააგროვა და არა 10.1%, როგორც ეს ცესკომ გამოაცხადა.
ბელარუსის არჩევნების შემდეგ დაიწყო მასიური საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც დღემდე გრძელდება. ზოგიერთ მიტინგს თან ახლდა შეტაკება უსაფრთხოების წარმომადგენლებთან: დემონსტრანტების დასაშლელად ისინი იყენებდნენ ხელკეტებს და სხვა სპეციალურ აღჭურვილობას. ათასობით ადამიანი დააკავეს, ათობით მაცხოვრებელი და ჟურნალისტი დაშავდა. ლუკაშენკოს თქმით, აქციების კონტროლი უცხოეთიდან ხდებოდა.
ევროკავშირმა არ ცნო ბელარუსის არჩევნების შედეგები და დააწესა სანქციები ქვეყანაში არაერთი თანამდებობის პირის მიმართ, მაგრამ თავად პრეზიდენტი არ არის ამ სიაში.
ამავე დროს, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ სექტემბრის ბოლოს დააწესეს პირადი სანქციები ბელარუსის პრეზიდენტის, მისი ვაჟის ვიქტორისა და ბელარუსის მრავალი მაღალჩინოსნის მიმართ. სანქციების სიაში მონაწილეებს ამ ორი ქვეყნის ტერიტორიაზე აკრძალული აქვთ შესვლა და მათი მთელი აქტივები ამ ქვეყნებში გაყინული იქნება.
წყარო: ipress.ge