გერმანია გაერთიანების 30-ე წლისთავს ზეიმობს

გერმანია გაერთიანების 30-ე წლისთავს ზეიმობს. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, წლევანდელი საზეიმო ღონისძიება მოკრძალებულად ჩატარდება.

კანცლერი ანგელა მერკელი და პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის გაერთიანების დღის ოფიციალურ ცერემონიალს დაესწრებიან ქალაქ პოტსდამში, ბერლინიდან სამხრეთ-დასავლეთით 25 კილომეტრში.

ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას, კანცლერმა მერკელმა განაცხადა, რომ “წლევანდელი ღონისძიებები იქნება უფრო მოკრძალებული ვიდრე ის ამას იმსახურებს”.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გერმანია ორ ნაწილად გაიყო, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკად, რომელიც საბჭოთა კავშირის პროტექტორატის ქვეშ იმყოფებოდა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკად.

1989 წლის 9 ნოემბერს ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ, დიდი ნაბიჯი გადაიდგა წინ იმისათვის, რომ გერმანია საბოლოოდ გაერთიანებულიყო.

ბერლინის კედლის დანგრევიდან მალევე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ჰელმუტ კოლმა წარმოადგინა გაერთიანების 10-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ეყრდნობოდა ვარაუდს, რომ გაერთიანებას ათწლეული დასჭირდებოდა.

მიუხედავად ამისა, ჰელმუტ კოლის გეგმის გამოცხადებიდან წელიწადზე ნაკლებ დროში, 1990 წლის 3 ოქტომბერს, ძალაში შევიდა გერმანიის გაერთიანების შეთანხმება, რომლითაც გერმანია კვლავაც ერთიანი ქვეყანა გახდა.

მას შემდეგ გერმანიის ერთიანობის დღე აღინიშნება როგორც ქვეყნის ეროვნული დღესასწაული.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანიამ წარმოუდგენელი პროგრესი განიცადა ეკონომიკისა და სხვა სფეროებში, მცირედი განსხვავებები აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას შორის კვლავაც შეინიშნება.

წყარო: cyc.ge