საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში განსახილველად შედის. დღეს ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც კანონმდებლები კომიტეტებსა და ფრაქციებში პროექტის განხილვის გრაფიკზე იმსჯელებენ.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ადამიანის ღირებულებებსა და ჯანმრთელობაზე იქნება მორგებული.
„პროცედურების შესაბამისად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი უზრუნველყოფს იმას, რომ გაიწერება გრაფიკი. არაუგვიანეს 22 ოქტომბრისა, კომიტეტების, ფრაქციების და შემდგომ უკვე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნის საფუძველზე, პარლამენტის თავმჯდომარე შენიშვნებით დაუბრუნებს მთავრობას სახელმწიფო ბიუჯეტს. ამის შემდეგ მოხდება გადამუშავება და ნოემბრის თვეში მოხდება ხელახალი წარდგენა.
სახელწმწიფო ბიუჯეტში, როგორც ყოველთვის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში აუცილებლად იქნება პრიორიტეტული ჯანდაცვის სისტემა, სოციალური სფერო, განათლება. ბევრი მიმართულება იქნება გაუმჯობესებული და იქნება მორგებული ადამიანზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე და მის ღირებულებებზე“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა.
“იმედინიუსი”