ეს ვირუსი ისე წავა სამყაროდან, ვაქცინა არ დასჭირდება – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსს ლეტალური შედეგი უფრო ნაკლები აქვს ვიდრე სხვა დაავადებებს, შესაბამისად, ლევან რატიანი ფიქრობს, რომ დადგება მომენტი, როდესაც კორონავირუსთან ბრძოლაში მედიკოსები და ბიოლოგები გაიმარჯვებენ.
„ინფიცირებულთა ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ ეს პირდაპირ კავშირშია დაავადებულთა ზრდასთან. ჩვენ შეიძლება ვიყოთ ინფიცირებული, მაგრამ არ ვიყოთ დაავადებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსის მტარებლობა არ ნიშნავს დაავადებულს, მაგრამ თუ ვირუსმა ორგანიზმში გამოიწვია ამა თუ იმ ეტაპზე სხვადასხვა სისტემის ფუნქციების დისფუნქცია, უკვე ჩნდება დაავადება კლინიკური გამოვლინებით. ერთი რამ, რის შესახებაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტთა აზრი არ შეცვლილა, ესაა ის, რომ ადამიანთა 83% შეიძლება უკვე იყოს ინფიცირებული და არა დაავადებული, დანარჩენ 17 პროცენტში ვლინდება დაავადების სიმპტომატიკა, სადაც კრიტიკული პაციენტი 2-3 პროცენტია, რაც მანამდე 4-5 პროცენტი იყო, დანარჩენ 15 პროცენტში ნაწილდება მსუბუქი, საშუალო და მძიმე პაციენტები“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
“თვალსაზრისი”