მე ვიზრდებოდი საბურთალოზე, მთელი ცხოვრება გავატარე და ვცხოვრობ საბურთალოზე, ჩემს ეზოში, ლენინის ქუჩაზე, ცხოვრობდნენ მრავალი ერის წარმომადგენლები, მათ შორის სომხები-მეტად, აზერბაიჯანლები-ნაკლებად…
არ მახსოვს, ოდესმე გამომერჩიოს ადამიანი ნაციონალური ნიშნით, ან დამეცინოს მისთვის. ჩვენ ერთად ვთამაშობდით, ერთად ვიზრდებოდით და ვწავლობდით! ერთად გავატარეთ ბავშვობა, თამაშში და ძმურად ვიყოფდით ყველაფერს რაც გვქონდა…
დღეს, მე მყავს სამი სომეხი მეგობარი, ნახევრად სომეხიც, აზერბაიჯანელი სამწუხაროდ აღარ შემომრჩა…აზერბაიჯანელ ხალხს უდიდეს პატივს ვცემ, არიან შრომისმოყვარე და პირდაპირი ხალხი, ჩვენ, ქართველები, ოდითგანვე ვუყვარდით და პატივს გვცემდნენ.
ბაბუაჩემის მამას, ბაქოში მანუფაქტურა ჰქონდა და მისგან მახსოვს, როგორ კარგად და თბილად ექცოდნენ ქართველებს ზოგადად, მის მამას კერძოდ..
სომხებისგანაც ცხოვრებაში არ მახსოვს ცუდი. სათავისოდ, ჩვენზე “ჭკვიანები” არიან და ქართველებისგან განსხვავებით გააქვთ ერთმანეთი სხვა ქვეყნებში როცა ცხოვრობენ, რუსეთთან არ გაწყვიტეს კავშირები, ჩვენგან განსხვავებით და ის ადგილი რომელიც მუდმივად საქართველოს ეკუთვნოდა, “ნომერ 1 რუსეთის მეგობარი”, მათ დაიკავეს… რითაც მხოლოდ მოიგეს.
ამ ყველაფერს იმისთვის ვამბობ, რომ იცოდნენ აზერბაიჯანლებმაც და სომხებმაც, ის რომ ქართველები ჩვენი ძმების კონფლიქტში მხარე ვერ ვიქნებით, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანას პრობლემები არ შეექმნას, არამედ პირველ რიგში იმ მიზეზით, რომ ქართველები სულით და გულით ორივე ერს პატივს ვცემთ და გვტკივა მათი ტკივილი! სიყვარულში კი ვერც ერთს გამოგარჩევთ! იცოდეთ ეს!
პატივისცემით, კონსტანტინე ჩიკვილაძე