გურიაში, დაბა ლაითურში მდებარე ლურჯი მოცვის პროექტი სახელმწიფოს მხარდაჭერით და კერძო ინვესტიციით გაფართოვდება, რომლის ფარგლებში 9 მილიონი აშშ დოლარის კერძო ინვესტიცია განხორციელდება.
ლაითურში მდებარე ლურჯი მოცვის პროექტი სახელმწიფოს, კერძოდ საპარტნიორო ფონდის დახმარებით განხორციელდა.
„ზოგადად ლურჯი მოცვის დარგი ეს არის ის დარგი, რომელსაც ბოლო წლებში განსაკუთრებით შეუწყო ხელი სახელმწიფომ – 14 მილიონი ლარი მარტო სოფლის მეურნეობის პროგრამებიდან დაიხარჯა, ხოლო ისეთი ბერკეტებით, როგორიცაა საპარტნიორო ფონდი, ჯამში 20 მილიონ ლარზე მეტია ამ დარგის სახელმწიფო მხარდაჭერა. შესაბამისად, გვაქვს ძალიან ხელშესახები შედეგი – დღესდღეობით 500-ზე მეტი კომპანიაა ჩართული ამ ბიზნესში. ეს არის საექსპორტო პროდუქტი და მიუხედავად პანდემიისა, ეს არის პროდუქტი, რომლის ექსპორტიც 2020 წელს რადიკალურად გაიზარდა 2019 წელთან შედარებით, პრაქტიკულად გასამმაგდა. ეს არის ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და სოფლის მეურნეობის დახმარების შედეგი“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
აღსანიშნავია, რომ 32 ჰექტარ ლურჯი მოცვის პლანტაციას გურიაში, დაბა ლაითურში შპს „ეფკო“ ფლობს და მართავს. კომპანიის საკუთრებაშია ჯამში 326 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომლის სრულად ათვისებას კომპანია მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გეგმავს. კომპანიას ამ ეტაპზე სეზონურად 400 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, ინვესტიციის განხორციელების შემდეგ კი მუდმივად დასაქმებულთა რაოდენობის 100-მდე, სეზონურად კი 3 000-მდე გაზრდას გეგმავს.
წყარო: fortuna.ge