ანდრიუს კუბილიუსი – 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ქართული დემოკრატიისთვის ლაკმუსის ტესტია.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებსა და საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს ესაუბრა. ევროპარლამენტარი კუბილიუსი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე და ლიეტუვას ყოფილი პრემიერ-მინისტრია. აღმოსავლეთ პარტნიორობის განვითარების მიმართულებების გარდა, ინტერვიუში კუბილიუსი ევროკავშირის სტრატეგიული ავტონომიურობის აუცილებლობაზე, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და მთიან ყარაბახში მიმდინარე კრიზისზე საუბრობს.
– ევროკომისიის კომუნიკაციას “აღმოსავლეთ პარტნიორობა 2020-ის შემდგომ” თქვენ Euractiv-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში იმედგაცრუება უწოდეთ. შეგიძლიათ ჩვენს მკითხველს აუხსნათ, რატომ ფიქრობთ ასე და როგორ ხედავთ ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს ინტეგრაციის მომავალს?
– პირველ რიგში, პანდემიის გამო ეს პროცესი ჯერ არ დამთავრებულა. მართალია კომუნიკაცია გამოქვეყნდა, მაგრამ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეალური სამიტი ჯერ არ გამართულა. ჩატარდა მხოლოდ ვიდეოკონფერენცია. შესაბამისად, ჩვენ ველით, რომ მომავალ წელს, თებერვალში ან უფრო გვიან, პარტნიორობის რეალური სამიტი გაიმართება. ევროპარლამენტმა თავის მხრივ საკუთარი ანგარიში გამოაქვეყნა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით. განსხვავება ისაა, რომ ჩვენი აზრით, ევროკავშირის მხრიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა უფრო მეტად ამბიციური უნდა იყოს. მოკლედ რომ ვთქვა, ჩვენ ის გვინდა, რომ ასოცირებულ და DFCTA-ს ხელმომწერს ქვეყნებს (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) პროგრესის შემთხვევაში, შეეძლოთ ის მიიღონ ევროკავშირიდან, რასაც ბალკანეთის ქვეყნები იღებენ. ეს წევრობის პერსპექტივას, ევროკავშირის ჩართულობის და დახმარების უფრო ეფექტურ ინსტრუმენტებს გულისხმობს, ეს არის ჩვენი ხედვა. ეს ხედვა უფრო მეტად შორეულ მომავალს ემსახურება, მომავალ დეკადას ან უფრო მეტად შორეულ პერსპექტივას, თუმცა ეს ისაა, რაც ჩვენ გვურს – ევროკავშირის უფრო მეტად ამბიციური სტრატეგია აღმოსავლეთ ქვეყნების მიმართ.
– საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირს 3+1 ფორმატს სთავაზობენ. აქტიური დიალოგის პლატფორმა აღნიშნული ქვეყნებისთვის სასარგებლო იქნება, თუმცა ზოგიერთი თვლის, რომ ასეთმა მიდგომამ აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა წევრი ქვეყნები შესაძლოა, უკან მოიტოვოს. თქვენ როგორ უყურებთ ამ ინიციატივას?
– პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონი ძალიან დინამიკურია. ჩვენ ეს უნდა გავაცნობიეროთ. ზოგიერთ შემთხვევაში აქ მოვლენები რევულუციურადაც ვითარდება. ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, უკრაინაზე, მოლდოვაზე, თუმცა ამასთან ერთად სომხეთზეც, რადგან არ გვსურს მათგან ვდისტანცირდეთ – სწორედ ამიტომ ვუწოდეთ მას ტრიოს+1. სომხეთს ევროკავშირთან განსაკუთრებული ხელშეკრულება აქვს, არა ისეთი როგორიც საქართველოს, თუმცა ასევე მნიშვნელოვანი. ადრე იმგვარად ჩანდა, რომ აზერბაიჯანი და ბელარუსი ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით ისეთ ამბიციებს არ ამჟღავნებდნენ, როგორიც მაგალითად საქართველოს ჰქონდა, მაგრამ, ბელარუსი ახლა სწრაფად იცვლება. ჩვენ არ ვიცით ამას შედეგად რა მოჰყვება – მაგრამ, ხალხი დემოკრატიასა და მასთან ასოცირებულ ძირეულ ცვლილებებს ითხოვს, ისეთებს, როგორიც თქვენ და ჩვენ გვაქვს. ასე რომ, არ გამკვირდება თუ რაღაც პერიოდის შემდგომ ბელარუსი ხალხიც დაინტერესედეს იმ შესაძლებლობებით, რაც როგორც მინიმუმ სომხეთს აქვს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ აქ დაყოფას ადგილი არ აქვს. მარტივად, რასაც ჩვენ ვამბობთ ისაა, რომ იმ ქვეყნებს, რომელთაც მეტის მიღწევა სურთ, ამის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. იმ ქვეყნების მიმართ კი, რომელთაც ნაკლები სურთ (მე მათ არ ვაკრიტიკებ, ეს მათი არჩევანია), სპეციალური ხელშეკრულებები უნდა იქნას გამოყენებული. მაგრამ, იმ ქვეყნებს, რომელთაც მეტი ამბიცია აქვთ რომ წინ წავიდნენ, ამ გზაზე დაბრკოლებები არ უნდა ჰქონდეთ.
– როგორც თქვენ აღნიშნეთ, რეგიონი საკმაოდ დინამიურია. ამიტომ მინდოდა მთიანი ყარაბაღის მიმდინარე კრიზისსაც შევხებოდით. საქართველო 90-იანი წლებიდან მოყოლებული კონფლიქტის მიმართ ნეიტრალიტეტის პოლიტიკას ატარებს. ქვეყანას სომხეთთან მეგობრული ურთიერთობების აქვს, აზერბაიჯანთან კი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს, შესაბამისად, კონფლიქტის გამწვავება შესაძლოა, ქართულ ეკონომიკაზე მძიმედ აისახოს. თუმცა, ეკონომიკური საფრთხეების გარდა, ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ შესაძლოა, ქართული ნეიტრალიტეტიც საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს – რადგან რუსეთმა სომხეთისთვის ჰუმანიტარული ან სხვა სახის დახმარების აღმოჩენის მიზეზით შესაძლოა, თბილისს კორიდორი მოთხოვოს. ჰიპოთეტიურად, ამ შემთხვევაში, როგორ ფიქრობთ, შეძლებენ ევროკავშირი და სხვა დასავლეთ პარტნიორები საქართველოსთვის რუსეთისგან მომავალი აღნიშნული პოტენციური საფრთხის მინიმალიზებას?
– პირველ რიგში, ის ფაქტი, რომ ეს კონფლიქტები დღესაც არსებობს, ცუდი და ტრაგიკულია. ე. წ. გაყინული კონფლიქტები საბჭოთა იმპერიის დანგრევის შედეგია. კონფლიქტია ყარაბაღში; თქვენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ოკუპირებული ტერიტორიები გაქვთ; მოლდოვას აქვს დნესტრისპირეთი, უკრაინას კი დომბასი და ყირიმი. ჩვენ ორივე მხარეს მოვუწოდებთ, რომ სამხედრო მოქმედებები შეწყვიტონ და მოლაპარაკებები განაახლონ. იმაზე არ ვისაუბრებ, თუ ვინ არის დამნაშავე და როგორ უნდა მოგვარდეს კონფლიქტი გრძელ ვადაში. თუმცა, რა თქმა უნდა, მოგვარების გზა კომპრომოსია. ორივე მხარემ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, ყარაბაღმა უნდა სცადონ კომპრომისული გამოსავლის პოვნა. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია რუსეთისგან ველოდოთ იმას, რომ ის ამ სიტუაციას თავისი ინტერესებისთვის გამოიყენებს, საქართველოზე წნეხის სახითაც. მე ვცდილობ ევროკავშირს თავისი პასუხისმგებლობა დავანახო, უფრო მეტად კი მისი სტრატეგიული ავტონომიურობა იმ მხრივ, რომ მშვიდობის მიღწევის პროცესში თავისი წვლილი შეიტანოს. თუ ევროპარლამენტის დებატებს ადევნებთ თვალს, დაინახავდით, რომ ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ევროკავშირის სტრატეგიულ ავტონომიურობაზე. ევროკავშირს მისსავე სტრატეგიულ პასუხისმგებლობაზე შეთანხმება სჭირდება, პირველ რიგში იმ მეზობელ ქვეყნებთან, რეგიონებთან და კონფლიქტებთან მიმართებით, რომლებიც ბოლო 30 წელია არსებობს. ნათელია, რომ ის ინსტრუმენტები, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოების ეგიდით ჩამოყალიბდა, (მაგალითად მინკსის ჯგუფი ყარაბახთან მიმართებით) უშედეგოა. მე ვიოცნებებდი ისეთი ევროკავშირი მენახა, რომელიც ამერიკელებისა და ტრამპის ადმინისტრაციის მსგავსად მოქმედებს, იმის მიუხედავად, რომ ამ უკანასკნელს ბევრი აკრიტიკებს. მიუხედავად ამისა, თუ მის საერთაშორისო მიღწევებს შევხედავთ, დავინახავთ, რომ მან შედეგები ევროპულ კონტინენტზეც დადო, როგორც მინიმუმ ამ მომენტისთვის – შედეგს ვხედავთ სერბეთ-კოსოვოს კონფლიქტში. აგრეთვე, შედეგებს ვხედავთ, ევროპასთან ახლოს არსებულ კონფლიქტშიც, – ისრაელის და არაბული ქვეყნების კონფლიქტს ვგულისხმობ. ეს ისაა, რასაც ევროკავშირი უნდა აკეთებდეს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ის, თუ როგორ მიაღწიეს ამას ამერიკელებმა. მათი მიღწევა ისაა, რომ ამ ქვეყნებს შესთავაზეს, თუ ისინი შეთანხმებას მიაღწევდნენ, კონკრეტულ ბენეფიტებზე ექნებოდათ წვდომა, ეკონომიკურ სარგებელზე. ეს არის ჩემი ხედვა. ეს საქართველოსაც მისცემდა იმის შესაძლებლობას, რომ უფრო უსაფრთხო გარემოში ეცხოვრა, იმ შიშის გარეშე, რომ რუსეთი მას რაღაც სახის კორიდორს მოსთხოვს.
– ევროკავშირის სტრატეგიული ავტონომიურობის საკითხი რომ განვავრცოთ, როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენის დაპირება გეოპოლოტიკური კომისიის შესახებ არარეალური აღმოჩნდა?
– როდესაც მან ეს განცხადება გააკეთა, ჩვენ ეს ძალიან გაგვიხარდა. ახლა კი ვკითხულობთ – სად არის ეს გეოპოლიტიკური კომისია? თუმცა, პროგრესი მაინც არის, მაგრამ ჩვენ მეტი გვსურს – ევროკავშირმა სტრატეგიული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, როგორც პირველი ნაბიჯი სტრატეგიული ავტონომიისკენ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამისთვის ბევრი რამის გაკეთებაა საჭირო. ჩემი დასკვნა ისაა, რომ ევროკავშირში დიდი გაუგებრობაა – ვიტყოდი ფილოსოფიური გაუგებრობა – ევროკავშირი თავს სუსტ გეოპოლიტიკურ მოთამაშედ აღიქვამს. ჩემი აზრით კი, ის ძალიან დიდი ძალაა. ევროკავშირს გააჩნია რბილი ძალა, ეკონომიკური განვითარებისა და ინტეგრაციის მიმართულებით. ეს ინსტიმენტები კი სათანადოდ არ არის გამოყენებული, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე კონფლიქტების მოგვარებას ეხება. ასე, რომ ევროკავშირმა თავისი თავი ძლიერ ორგანიზაციად, ძლიერ ძალად უნდა აღიქვას. ევროკავშირს მისი სარგებლისთვის მისივე ძალის გამოყენების არ უნდა ეშინოდეს.
– პანდემიასა და საქართველოს რომ შევეხოთ – პანდემიის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით იყო შემთხვევები დემოკრატიული უკუსვლისა, ევროპაშიც კი (ამ მხრივ, ალაბთ, მაგალითად უნგრეთი გამოდგება), საქართველოს შემთხვევაში კი 8 მარტის შეთანხმების წყალობით ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა. ამის შემდეგ ქართული უწყებების მიერ პანდემიის მეტ-ნაკლებად ეფექტური მენეჯმენტი ვიხილეთ. საქართველო ევროკავშირის ე.წ. მწვანე ქვეყნების სიაშიც ინარჩუნებს პოზიციას. როგორ ფიქრობთ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორი გავლენა ჰქონდა პანდემიის პერიოდს საქართველოს დემოკრატიული/უსაფრთხო ქვეყნის იმიჯზე დასავლეთის თვალში?
– რა თქმა უნდა, ამ საკითხების დაკავშირება შეგვიძლია, თუმცა მათი განხილვა ცალ-ცალკეცაა შესაძლებელი. პირველ რიგში, როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობამ შეძლო და პანდემიას ეფექტურად გაუმკლავდა. დეტალები არ ვიცი, თუმცა, რიცხვებს ვუყურებ და მათზე დაყრდნობით მთავრობის შექება შეგვიძლია, განსაკუთრებით სამეზობლოში არსებული რიცხვების გათვალისწინებით, სადაც მდგომარეობა გაცილებით უარესია. ეს ნიშნავს, რომ მთავრობამ შეძლო კარგი შედეგის დადება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ შეძლეს ეს არ ვიცი, თუმცა ეს ფაქტი ძალიან პოზიტიურია. მეორეს მხრივ, საქართველომ კარგი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის მხრივ. ეს დაპირებაა, რომ 8 მარტის შეთანხმების შემდგომ საქართველოს დემოკრატია უფრო სრულყოფილი უნდა გახდეს. მე გარკვეულ დონეზე გახლდით ჩართული ოპოზიციასა და მთავრობას შორის მოლაპარაკებებში. ევრონესტის დელეგაცია დეკემბერში თბილისში იმყოფებოდა. შესაბამისად, მხარს ვუჭერ იმ შეთანხმებას, რომელმაც არჩევნები პროპორციული უნდა გახადოს და მართლმსაჯულების სისტემაზე პოლიტიკური გავლენის პრაქტიკა უნდა შეაჩეროს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებაა. კარგია, რომ შეთანხმება საკონსტიტუციო ცვლილებებით განხორციელდა, პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად – რადგან ცვლილებებისთვის მხარი ყველა ხელმომწერ მხარეს არ დაუჭერია, რურუას „ქეისის“ და სხვა მიზეზების გამო, ეს კი, ალბათ, ის შედეგი არ იყო, რომელიც ყველა მხარეს სურდა. მაგრამ ახლა საქართველო ძალიან მნიშვნელოვან მომენტს უახლოვდება – საპარლამენტო არჩევნებს ოქტომბრის ბოლოს. ეს ისაა, რასაც ევროკავშირში ყველა გულმოდგინედ დააკვირდება. ეს ქართული დემოკრატიისთვის ლაკმუსის ტესტია. ევროკავშირისთვის დემოკრატია და კანონის უზენაესობა უმნიშვნელოვანესი საკითხები გახდა, რადგან ამ კონტექსტში როგორც ორგანიზაციის წევრებს, ასევე არაწევრებ ქვეყნებს ვაკვირდებით. ეს ნათელი მესიჯია, რომელიც, იმედი მაქვს, ქართულ ხელისუფლებას ესმის. ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტს ეწვია, სადაც ევროკავშირის ლიდერებისგან ეს მესიჯები მოისმინა. იმედი მაქვს, იმის ნათელ მაგალითს ვიხილავთ, რომ ქართული დემოკრატია უკან არ მიდის, არ იყენებენ ადმინისტრაცულ რესურსებს მმართველი პარტიის სასარგებლოდ, მართლმსაჯულების სისტემა კი პოლიტიზაციის გარეშე მუშაობს – ეს ისაა, რასაც მომავალი არჩევნებისგან ველით.
– ქართული არჩევნები, თითქმის 10 წელია მეტ-ნაკლებად დემოკრატიულად ფასდება. თუმცა, პრობლემა უფრო მეტად წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება, ვიდრე თავად არჩევნებს. ჩვენ გამუდმებით გვესმის ფაქტები შესაძლო ძალადობაზე პოლიტიკური მოტივებით, ამომრჩევლების მოსყიდვასა და წნეხზე, ადმინისტრაციული რესურსების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაზე. შეგიძლიათ შეაჯამოთ, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ არჩევნებმა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, 2021 წლის სამიტზე?
– ჩვენ ველით, რომ განსაკუთრებით მმართველი პარტია, მთავრობა და პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ის შეცდომები, რაც ადრე იყო დაშვებული, აღარ განმეორდეს. თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ, ჩვენ არჩევნების დღეს ხმების დათვლასთან პრობლემა არ გვაქვს. პრობლემა ისაა, თუ რა ხდება არჩევნებამდე. მოხდა ეუთო/ოდირის რეკომენდაციების იმპლემენტაცია – შესაბამისად, ვიმედობნებთ, ეს ფაქტი წინასაარჩევნო პერიოდს მნიშვნელოვნად გამოასწორებს. როგორც ვიცით, ეუთო გრძელვადიან დამკვირვებლებს აგზავნის თბილისში. შესაბამისად, საერთაშორისო დამკვირვებლები ადგილზე იქნებიან – ეს ისევ და ისევ საქართველოსთვისაა კარგი. ვიმედოვნებ, ნათელი მტკიცებულებები იქნება წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს, რომ საქართველო მომწიფებული დემოკრატიაა, სადაც არჩევნები თავისუფლად და გამჭვირვალედ ტარდება. ეს საქართველოს იმიჯზე კარგად აისახება. ეს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყნის სტატუსზეც მოადენს გავლენას. ჩვენ შესაძლოა, ევრონესტში “ღია შედარების ინსტრუმენტი” ჩამოვაყალიბოთ, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების განვითარებას რეგულარულად შეადარებს ერთმანეთს, მაგრამ ჩვენ ველით, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შედარებიას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთანაც შევძლებთ. ბრიუსელის კვლევითი ორგანიზაციების რამდენიმე ანგარიში არსებობს, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველოს შეუძლია ორივე რეგიონის ლიდერი იყოს – აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ბალკანეთის. მაგრამ, მომავალ გამოცდას დემოკრატიულ და კანონის უზენაოსობის ფასეულობებზე ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
– აშშ-ს ელჩმა საქართველოში რამდენჯერმე გამოხატა შეშფოთობა იმის შესახებ, რომ რუსეთი შესაძლოა, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ჩაერიოს. გარე ჩარევის საფრთხე ნამდვილად რეალური ჩანს – საქართველო ბოლო პერიოდში ორჯერ იყო კიბერთავდასხმის სამიზნე, დეზინფორმაციული კამპანიები ისევ გრძელდება, ორი ქართული პარტია კი პირდაპირ დაადანაშაულეს რუსეთთან შესაძლო კავშირების ფაქტზე. ამის მიუხედავად, ვხედავთ, რომ ქართული ხელისუფლება ამ თემაზე ღიად ნაკლებად საუბრობს. გასულ ივლისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ისიც განაცხადა, რომ რუსეთის არჩევნებში ჩარევის საფრთხე არ არსებობს. როგორ ფიქრობთ, საქართველო უფრო აქტიური უნდა იყოს აღნიშნული საფრთხეების შესახებ საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებისა და დახმარების მიღების შესაძლებლობის გზების ძიების მიმართულებით?
– დაზუსტებით არ ვიცი, რა გზებით შეუძლია რუსეთს აღნიშნულზე გავლენის მოხდენა და რას უნდა ველოდოთ. ვიცით საქართველოში არსებულ რამდენიმე ჯგუფზე, რომლებიც შესაძლოა, კრემლთან უფრო ახლოს იყვნენ. მაგრამ, როგორც ვხედავთ, მათ პროდასავლურ ორიენტაციაზე დიდი გავლენა არ აქვთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროდასავლური ინტეგრაციის მიმართ ერთგულებას ვხედავთ. მეორეს მხრივ, რაც შეეხება პროპაგანდას, დეზინფორმაციას და ა.შ. – მგონია, თქვენ და ჩვენ რუსეთის იმ სამეზობლოში ვცხოვრობთ, სადაც პრესის ექსპერტები ვართ, იმ გაგებით, რომ ვიცით რას უნდა ველოდეთ და რა უნდა გაკეთდეს. შესაბამისად, შესაძლოა, ჩვენ დეზინფორმაციის პირისპირ ბუნებრივი გამძლეობაც გვქონდეს, რაც უფრო მეტად დაცულებს გვხდის ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, ევროპარლამენტმა ამ საკითხზე სპეციალური კომიტეტიც შექმნა, მაგრამ მას დრო სჭირდება, რადგან, ჩვენს კოლეგებს ევროპაში უნდა ავუხსნათ, თუ რა შესაძლებლობები აქვს რუსეთს ჩვენს პოლიტიკურ სისტემებში შემოღწევისთვის, რა ტიპის პროპაგანდასთან გვაქვს საქმე და როგორ უნდა დავიცვათ ჩვენ სისტემები ამ შესაძლო გავლენებისგან. ეს სამომავლო საქმეა. ჩვენ ყველა ვცდილობთ, დავარწმუნოთ ევროპა, რომ ამ მხრივ უფრო მეტად მამაცი და ეფექტური იყოს, თუმცა ეს დროს მოითხოვს.
წყარო: interpressnews.ge