ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 125 მოქალაქეს გრანტი გადაეცემა

ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 125 მოქალაქეს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით გრანტი გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 125 დაბრუნებული მიგრანტი, რომლებიც სახელმწიფოსგან დაფინანსებას მიიღებენ სპეციალურმა კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩია და გრანტის მაქსიმალური ოდენობა 4000 ლარს შეადგენს.

„დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს და მის მიზანს რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს. პროგრამა საშემოსავლო პროექტების დაფინანსებასთან ერთად, პროფესიული განათლების ხელშეწყობას, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

წყარო: report.ge