მწარედ მახსოვს “ნაციონალების” განცხადება, რომ დავითგარეჯა არასდროს ყოფილა საქართველოს ტერიტორია …

არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პროკურატურა ხმაურიან გამოძიებას იწყებს. საქმე ეხება დავითგარეჯის საზღვრის დელიმიტაციის საკითხს. რა მოლაპარაკება მიმდინარეობდა სააკაშვილის მმართველობისას აზერბაიჯანთან და დაკავშირებულია თუ არა პროკურატურის გააქტიურება არჩევნებთან, ამ საკითხებზე “კვირის პალიტრა” პარლამენტის ყოფილ ვიცე-სპიკერს ზვიად ძიძიგურს ესაუბრა.

– იმ 7 წლის განმავლობაში, როცა ვიცე-სპიკერი ვიყავი, აზერბაიჯანის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფსაც ვხელმძღვანელობდი. აზერბაიჯანში თითქმის ყველა დელეგაციაში ვახლდი მთავრობას.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენისათვის არსებობს რუკების კომპლექსი – დაწყებული 1927 წლით, დამთავრებული საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი პერიოდით. პერიოდულად,­ მიწის სამეურნეო დანიშნულების მიხედვით, რუკები იცვლებოდა, შესაბამისად, იცვლებოდა დავითგარეჯის საზღვარიც. 1994 წელს საქართველომ და აზერბაიჯანმა სამუშაო ვერსიად აიღეს რუკა, რომლის მიხედვითაც, საზღვარი ორ ქვეყანას შორის გადის თხემზე, სადაც ისტორიული და ჩვენი რელიგიისთვის მნიშვნელოვანი ეკლესიის სენაკებია და ეს ქართველებისთვის მიუღებელი ვერსია იყო რა მოსაზრებით აიღო შევარდნაძემ ეს რუკა სამუშაო ვერსიად, უცნობია.

2006-2007 წლებში სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში და მწარედ მახსოვს მისი ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადება, რომ დავითგარეჯა არასდროს ყოფილა საქართველოს ტერიტორია. გარეჯის გამო 1987-1988 წლებშიც იყო დავა. გარეჯის მიმდებარედ რუსეთს საარტილერიო პოლიგონი ჰქონდა, სადაც იარა­ღებს ცდიდა. ამის შედეგად იბზარებოდა სამონასტრო კომპლექსის კედლები. მაშინდელმა”ეროვნულმა მოძრაობამ და ქართველმა საზოგადოებამ ეს ვითარება გააპროტესტეს. 50-ათასიანი კოლონაც კი წავიდა დავითგარეჯაში. მათ შორის მეც ვიყავი. მაშინ ქართველმა საზოგადოებამ გაიმარჯვა რუსეთის იმპერიაზე – რუსეთმა პოლიგონი სხვაგან გადაიტანა.

2019 წელს სალომე ზურაბიშვილი ჩავიდა გარეჯაში და ამის შემდეგ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართველ მომლოცველებს სალოცავად აღარ უშვებდნენ. მაშინ შევხვდი აზერბაიჯანის პარლამენტთან მეგობრობის წევრებს და ვუამბე, რაც მოხდა 1987-1988 წლებში, რომ ქართველი ხალხისთვის ეს გამარჯვების სიმბოლოა. ვიკითხე, თქვენი აზრით, რამდენად შეეფერება ეს თქვენს ძმობას და კეთილმეზობლურ ურთიერთობას-მეთქი. დავითგარეჯის საკითხი ძალიან საფრთხილოა აზერბაიჯანული მხარისთვისაც და შემხვედრი ნაბიჯის გადმოდგმას ცდილობდნენ.

– ახლა კონკრეტულად რას იძიებს პროკურატურა?
– როგორც ვიცი, არის ახალი დოკუმენტები და გამოძიებაც ამის საფუძველზე დაიწყო.

– “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაზე რას ფიქრობთ?
– ესენი არიან “ქართული ოცნების” აქტიური დეპუტატები. ეს ნიშნავს, რომ “ოცნება” ისევ იმ პოლიტიკის გამტარებელი იქნება, რომლითაც ხელისუფლებაში მოვიდა. კონსერვატორები” სრულიად განსხვავებულ კამპანიას ვატარებთ. ჩვენ არ ვერევით პარტიულ კინკლაობაში. მიგვაჩნია, რომ უნდა ჩავატაროთ მსოფლმხედველობითი კამპანია, მაგალითად, პარლამენტში მეტი კონსერვატორი იქნება თუ მეტი ლიბერალი. პარტიებმა მხოლოდ იმაზე კი არ უნდა ილაპარაკონ, როგორ შექმნიან უკეთეს სოციალურ გარემოს, სხვა საჭირბოროტო საკითხებზეც უნდა გაამახვილონ ყურადღება. მაგალითად, როდესაც პარლამენტში შევლენ, ნარკოლიბერალიზაციის კანონს, რომელიც ამწუთას თაროზეა შემოდებული, მხარს დაუჭერენ თუ წინააღმდეგ წავლენ; კონსტიტუციაში ჩანაწერს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, გააუქმებენ თუ თავს დაანებებენ და ა.შ. ამ და კიდევ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე პარტიებს პასუხები ახლავე უნდა ჰქონდეთ.

– პარლამენტში შესვლის შემდეგ ვისთან აპირებთ თანამშრომლობას?
– არ ვაპირებ “ოცნების” ლანძღვა-გინებით კამპანიის ჩატარებას. გამოვედით “ოცნებიდან” და დამოუკიდებელ კამპანიას ვატარებთ, პარლამენტში შესვლის შემდეგ კოალიციის შექმნა არ ნიშნავს, რომ ამ პარტიაში შევალთ. ჩვენ ვლაპარაკობთ პარტნიორულ ურთიერთობაზე და გვექნება ჩვენი პირობა, რომლის შესრულების შემდეგ შევაქმნევინებთ კოალიციურ მთავრობას. თუ არ გაიზიარეს ჩვენი პოზიცია, მაშინ არც თანამშრომლობა შედგება. რაც შეეხება “ნაციონალებს”, მათთან თანამშრომლობის გზების გამონახვა შეუძლებელია.

წყარო: kvirispalitra.ge