ვლადიმირ პუტინთან დიალოგის გარეშე ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება შეუძლებელია – ვლადიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკების გარეშე დონბასში ომის შეწყვეტა და ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების დაბრუნება შეუძლებელია. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

 

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვერასოდეს დავასრულებთ ომს, თუ არ დავიწყეთ საუბარი რუსეთთან. ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა ცალკე ქეისია, მაგრამ პრეზიდენტ პუტინთან მოლაპარაკების გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ტერიტორიების დაბრუნებას“ – განაცხადა ზელენსკიმ Politico Europe-თან ინტერვიუში.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს 140 ტყვეს გათავისუფლება ვერაფრით ვერ მოხდებოდა პუტინთან დიალოგის გარეშე.

„მხოლოდ ნორმანდიული ფორმატი საკმარისი არაა. ჩვენ გვაქვს საკითხები, რომლებიც ნორმანდიულ ფორმატში არ განიხილება. მაგალითად, ჩვენი მეზღვაურების დაბრუნება, ყირიმელების ჰუმანიტარული დახმარება, რომელთა ნაწილი ტყვეობაშია და ა.შ. ეს საკითხები მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებით უნდა გადაწყდეს“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ზოგი მედიასაშუალება ყველაფერს აკეთებს ნორმანდიული ფორმატის ფარგლებშიც კი შესაძლო დიალოგის ჩასაშლელად.

„ეს ეხება იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც დიდი ფინანსური სტრუქტურების ან პოლიტიკოსების მფლობელობაშია, რომლებიც ჩემამდე იყვნენ ხელისუფლებაში და მაღალი თანამდებობები ეკავათ. დიახ, ამ ადამიანებს საკუთარი მედიასაშუალებები აქვთ, თუმცა ჩვენ არასოდეს ვნებდებით და მიგვაჩნია, რომ ომის დასრულებისა და ადამიანების სახლებში დაბრუნებისთვის უნდა ვესაუბროთ პარტნიორებსაც და რუსეთსაც“ – განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.

„პროგრესნიუსი“