ყარაბაღთან მიმართებაში თვალსაჩინოა რა ავტორიტეტი აქვს ჩვენს ქვეყანას, არაფერს წარმოვადგენთ, სასიკეთო არაფერი შეგვიძლია…- ლევან ლორთქიფანიძე

„რეგიონში უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი. როგორც საქმეში ჩართულმა პროფესიონალებმა მითხრეს, თუ ყარაბახში ამჟამად არსებული მდგომარეობა კიდევ რამდენიმე დღეს გასტანს, საქმე სრულმასშტაბიან ომთან შეიძლება გვქონდეს.

 

ასეთ დროს საქართველოს თითოეულ მოქალქეს, განურჩევლად ჩვენი ნაციონალური კუთვნილებისა, გვმართებს კბილებით დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ორი სახელმწიფოებრივი პოზიცია:

საქართველო უპირობოდ მხარს უჭერს ყარაბახის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, რეგიონში მშვიდობის უსწრაფესად დასადგურებას, ცეცხლის შეწყვეტას, ეუთოს მინსკის ჯგუფის განცხადებებს.

საქართველო ინარჩუნებს უპირობო და სრულ ნეიტრალიტეტს სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაში.

საუბედუროდ, საქართველოს არაერთი მოქალაქე უსინდისოდ ღალატობს თავის ქვეყანას და პროვოკაციის ტოლფას ნაბიჯებს დგამს!!! მაგალითად:

დღეს თბილისის ქუჩებში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს დროშებით შეიარაღებული ადამიანების ხმაურიანი მსვლელობა გაიმართა. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებდნენ აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს.

ნინოწმინდაში ადგილობრივთა შეკრებაზე ადამიანებმა ხმამაღლა გამოთქვეს “არცახისთვის” ბრძოლაში მოხალისედ მონაწილეობის სურვილი.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ენმ-ს ფრაქციის წევრმა აზერ სულეიმანოვმა “ღია წერილი გაუგზავნა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, სადაც აღნიშნა, რომ აუცილებელია საბოლოო ნაბიჯების გადადგმა ტერიტორიების გასათავისუფლებლად. დამატებით დეპუტატი აღნიშნავს, რომ სომხეთმა საქართველოს წინააღმდეგაც ჩაიდინა დანაშაული.” საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ქართული ოცნების ფრაქციის წევრმა რუსლან გაჯიევმა „გამოხატა მხარდაჭერა აზერბაიჯანის მიმართ და განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წარმატებული სამხედრო ოპერაციები, მისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად იძლება იმის თქმის საფუძველს, რომ მსგავსი კონფლიქტები კავკასიის რეგიონში რაც შეიძლება მალე უნდა გადაწყდეს.”

არც საქართველოს სომეხი პოლიტიკოსები აკლებენ! “ევრონაცების” სომეხ კანდიდატ კარაპეტიანს უსაუბრია “არცახისადმი” სოლიდარობაზე და დახმარება აღუთქვამს თანამემამულეებისადმი.

აღნიშნული ქმედებები მიუღებელი, დასაგმობი და სახიფათოა! დასჯას იმსახურებენ, უმკაცრესად! შუა საუკუნეები რომ იყოს, ენას ამოგლეჯდნენ…

ამ კონფლიქტის მიმდინარეობისას კიდევ ერთხელ ხდება თვალსაჩინო როგორი ავტორიტეტი აქვს ჩვენს ქვეყანას, მის პოლიტიკურ ლიდერებს, საგარეო საქმეთა მინისტრს… არაფერს წარმოვადგენთ, სასიკეთო არაფერი შეგვიძლია.

ჩვენ საქმეს მაინც ნუ გავიფუჭებთ ბოლომდე!“ – წერს პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე, სოციალურ ქსელში.

“თვალსაზრისი”