აშშ-ის საელჩო შეშფოთებას გამოთქვამს ჟენევის 51-ე რაუნდის ჩაშლის გამო

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო შეშფოთებას გამოთქვამს ჟენევის 51-ე რაუნდის ჩაშლის გამო. ამის შესახებ საელჩოს მერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

საელჩოს განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს გადამწყვეტი როლი აკისრია კრიტიკული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით დიალოგის გამართვაში.

“აშშ-ის საელჩო თბილისში იზიარებს საქართველოს შეშფოთებას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 6-7 ოქტომბრის რაუნდის გაუქმებასთან დაკავშირებით, რაც ერთი მონაწილის არდასწრების გადაწყვეტილებამ გამოიწვია. ამერიკული დელეგაცია სრულად იყო მზად დასწრებოდა ამ კვირის მოლაპარაკებებს ჟენევაში, ისევე, როგორც სექტემბერში ჩანიშნულ მოლაპარაკებებს, რომელიც იმავე მონაწილის მიერ გაუქმდა. მადლობას ვუხდით მასპინძლობაში ჩართულ ყველა მონაწილეს, ვინც COVID-19 პანდემიის პირობებში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში ჩატარებისთვის საქმიანობს. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დეკემბრის რაუნდში სრული მონაწილეობით და პერსონალური დასწრებით, მოლაპარაკებების ყველა მონაწილემ უნდა წარმოაჩინოს მხარდაჭერა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიმართ.

ახლა, ისე, როგორც არასდროს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს გადამწყვეტი როლი აკისრია კრიტიკული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით დიალოგის გამართვაში, მათ შორის იმ საჭიროებებზე, რომელიც COVID-19-ის პანდემიის გამო არათანაზომიერად დაზარალებულ, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და სხვა მოწყვლად მოსახლეობას გააჩნიათ.

ვგმობთ რუსეთის მიერ მართული ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების მიმდინარე დაპატიმრებებს და მოვუწოდებთ მათი მყისიერი გათავისუფლებისაკენ. მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების გამო, რომლებიც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ სასწრაფო სამედიცინო ევაკუაციისა და ჰუმანიტარული დახმარების აკრძალვას შეეწირნენ. უნდა შეწყდეს რუსეთის ქმედებები, რომელიც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. ამ რთულ პერიოდშიც კი, მისია განაგრძობდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმიანობას.

შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, ვკითხულობთ განცხადებაში.

ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩაშლაში, რომელიც 6-5 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს ადანაშაულებს.

წყარო: cyc.ge