მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებით, აზერბაიჯანი იყო, არის და იქნება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, მთავარია საზღვრის დემარკაცია სამართლიანად მოხდეს.
„ჩემთვის გასაკვირია, როცა ჩვენს ოპონენტებს არ უხარიათ ის, რომ ჩვენ გვაქვს დოკუმენტი რომლითაც ჩვენ შეგვიძლია სამართლიანად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. გაოგნებული ვარ იმ ფაქტით, რომ 1938 წლის რუკა, რომლითაც უნდა გაგვემყარებინა ჩვენი სახელმწიფო ინტერესები, თურმე არსებობდა, მაშინ როდესაც გვარწმუნებდნენ რომ ასეთი დოკუმენტი არ არსებობდა და ამიტომ ჩვენ ვიყავით წამგებიან პოზიციაში. თურმე არსებობდა, ინახებოდა. ინახებოდა თუ დამალული იყო რაღაც მიზეზით არ ხდებოდა ამის გამოჩენა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მთავარია დავიცვათ ჩვენი ინტერესები, სამართლიანად მოხდეს საზღვრის დემარკაცია“, – განაცხადა სესიაშვილმა.
7 ოქრომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
“იმედინიუსი”