შეუძლებელია, რომ ასეთი დოკუმენტების გადამალვა განხორციელებულიყო ამ ორი ადამიანის მიერ. პროკურატურამ ძალიან დიდი საქმე გააკეთა, მართლა საშვილიშვილო, მაგრამ ჯოხი მეისრეებზე არ უნდა გადატყდეს.
შეუძლებელია, რომ ეს არ სცოდნოდა ვანო მერაბიშვილს, არ სცოდნოდა მიხეილ სააკაშვილს, – ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დაწყებულ გამოძიებაზე „ღია ეთერში“ ისაუბრა.
მისი თქმით, შეუძლებელია, ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის გადამალვა არ სცოდნოდა მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს.
„შეუძლებელია, ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის გადამალვა არ სცოდნოდა მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც იყო შინაგან საქმეთა მინისტრიც და მაშინდელი უსაფრთხოების სამსახურის უფროსიც, ეს არ სცოდნოდა იუსტიციის მინისტრს, ადეიშვილს, მაშინდელ გენერალურ პროკურორს და მიხეილ სააკაშვილს, მოტივი დანაშაულისა ალბათ, იყო ისეთი ტრივიალური რამ, როგორიც არის ფული. ამათ ხომ სულიერება არ აქვთ, გახსოვთ სამაჩაბლოზე რომ ამბობდა ქვების გროვა დავკარგეთო? სამაჩაბლო სააკაშვილისთვის ქვების გროვაა. ის ამას ფულად ერთეულებში აფასებს. იქ თუ ოქროს საბადოა, მაშინ შეიძლება მისთვის ძვირფასი იყოს, მაგრამ თუ დავით გარეჯის უდაბნოს ეძახიან, მისთვის უდაბნოა, იმიტომ რომ მას სამშობლოს განცდა არ აქვს, ღმერთის რწმენა და შიში არ აქვს, კაცის არ რცხვენია. როდესაც საკითხი ეხება იმას, რომ დაიდო დოკუმენტი, რომლითაც მტკიცდება, რომ დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორიაა, ამის იქეთ იმის მტკიცება, რომ ეს საარჩევნოდ არის გაკეთებული და არა რამე სხვა მიზნებით, აბსოლუტურად აბსურდულია. 2012 წელს რამდენიმე ათასი ადამიანი ჩემი ორგანიზებით ვიყავით დავით გარეჯში და სწორედ იქ დადგა სააკაშვილის იმპიჩმენტის საკითხი, რაც მიბმული იყო სახელმწიფო ღალატთან, რასაც მაშინ ადგილი ჰქონდა. რომც იყოს ეს წინა საარჩევნოდ წამოწეული საქმე, ვიმეორებ, რომ ეს არის საშვილიშვილო საქმე“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
“იმედი”