სომხეთის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელი ედუარდ აღაჯანიანი მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს, რომელთა მიზანსაც მთიანი ყარაბაღის ომში საქართველოსა და ქართველი ხალხის აზერბაიჯანის მხარდამჭერებად წარმოჩენა წარმოადგენს. ამის შესახებ აღაჯანიანი Facebook-ზე წერს.
საქართველო
„ძვირფასო თანამემამულეებო, ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში საკმაოდ საგანგაშო ტენდენცია შეინიშნება. ზოგიერთი ყალბი მომხმარებელი, რომელთა უკანაც როგორც ცნობილი, ასევე უცნობი აქტორები დგანან, ცდილობს საზოგადოებრივი აზრის შეცვლას – ამ ომში საქართველოსა და ქართველი ხალხის აზერბაიჯანის მხარდამჭერებად წარმოჩენას.
მოგიწოდებთ, არ აჰყვეთ პროვოკაციებს და არ მიიღოთ მონაწილეობა ასეთი დეზინფორმაციის შექმნასა და გავრცელებაში. ასევე მსურს გაცნობოთ, რომ სომხეთისა და საქართველოს შესაბამისი უწყებები ეფექტურად თანამშრომლობენ, რათა დაუყოვნებლივ გადაიჭრას ყველა პრობლემა, რომელიც ჩვენ ასე გვაღელვებს. ერთობლივი ძალისხმევით პრობლემების უმეტესობა უკვე მოგვარებულია. ჩვენი მოძმე ხალხების ათასწლიანი მეგობრობა ყოველგვარი ეჭვის გარეშეა, ვინაიდან ის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, არ აჰყვეთ მიზანმიმართულ პროვოკაციებს, შეინარჩუნოთ სოლიდარობა ქართველ ხალხთან როგორც ონლაინ-სივრცეში, ასევე მის მიღმა“, – წერს აღაჯანიანი.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.
“იმედი”