ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე “თელასში“ სახელმწიფოს კუთვნილი აქტივის გაყიდვის მიზეზად ასახელებს იმას, რომ “თელასის“ წილიდან სახელმწიფო მოგებას ვერ იღებდა.
მისი განმარტებით, თუკი სახელმწიფოს საწარმო აქვს, ის მაქსიმალურად მომგებიანი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კერძო სექტორის ხელში გადავიდეს.
“თელასის“ 75% დიდი ხნის წინ არის პრივატიზებული. სახელმწიფო წილის 25%-ს ფლობდა და არანაირი რესურსი, ბერკეტი არ ჰქონდა იმისა, რომ თუკი რაიმეს შეცვლა უნდოდა, გადაწყეტილებები მიეღო. “თელასის“ მმართველი კერძო კომპანია იყო და სახელმწიფოს 25% ჰქონდა, საიდანაც შემოსავალსაც ვერ იღებდა. რაიმე მნიშვნელოვანი დივიდენდი ბოლო ათწლეულის განმავლობაში სახელმწიფოს არ ჰქონია“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე.
დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილს არ სჯერა, რომ კერძო კომპანიამ წამგებიანი აქტივი იყიდა. მისივე თქმით, 2019 წელს “თელასის“ წმინდა მოგება 14-მილიონი იყო.
ცნობისთვის, “საპარტნიორო ფონდში“ “თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის – 24.529%-ის გასასხვისებლად საჯარო აუქციონი ჩატარდა.
საჯარო აუქციონში გამარჯვებულად შპს “ბესტ ენერჯი გრუპი“ დასახელდა, რომელმაც აქციები 10 527 467 აშშ დოლარად შეიძინა.
შეგახსენებთ, თელასი წელს ზარალზეა. 6 თვის მონაცემებით, „თელასმა“ რეალიზაციიდან 190.59 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, 2019 წლის ამავე პერიოდში კი შემოსავალი 226 მლნ-ს აღემატებოდა.
“თელასის”, როგორც სტრატეგიული ობიექტის, გაყიდვაში სარისკოს ვერაფერს ხედავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
“რაც შეეხება უშუალოდ „თელასს“, თქვენ იცით, რომ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სტრატეგიული ინფრასტრუქტურის საკუთრებასთან და გასხვისებასთან დაკავშირებით, გარკვეულ ფილტრებს აწესებს, ანუ ეს პროცესი უნდა იყოს გამჭირვალე, ეს პროცესი უნდა იყოს მართული, ასე რომ აქ რაიმე რისკებს ვერ ვხედავთ და ვფიქრობთ, რომ საკმაოდ სარფიანად შეიძლება გაიყიდოს” – ამბობდა მინისტრი აუქციონის ჩატარებამდე.
წყარო: report.ge