აფგან მუხთარლი 2020 წლის 24 ივლისს, გერმანიაში უკვე დაიკითხა

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 2020 წლის 24 ივლისს, გერმანიაში უკვე დაიკითხა.

როგორც პროკურატურაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, საქართველოს პროკურატურამ აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მუხთარლის გამოკითხვის შუამდგომლობით მისი ადგილსამყოფელის მიხედვით, სამართლებრივი დახმარებისთვის გერმანიის შესაბამის სამსახურებს 2020 წლის 24 მარტს მიმართა.

„გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე აფგან მუხთარლი გერმანიაში შესაბამისი სამსახურების მიერ 2020 წლის 24 ივლისს გამოიკითხა. დაკითხვის ოქმი და შესაბამისი მასალები გერმანიიდან საქართველოს პროკურატურაში 2020 წლის 1-ელ ოქტომბერს გამოიგზავნა და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – განაცხადეს პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 9 ოქტომბერს, თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი ჩამოდის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაცია „უფლებები საქართველოდან“ აცნობეს. მათი ინფორმაციით, მუხთარლი, რომელიც საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს 2017 მაისში თბილისიდან მისი გატაცებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის გამო ედავება, საქართველოს პროკურატურისათვის ჩვენების მიცემას გეგმავს.

 

“ინტერპრესნიუსი”