პოლიურია, ანუ შარდის ჭარბად გამოყოფა, შაქრიანი დიაბეტის ნიშანია. მაგრამ ზოგჯერ ეს შარდი ავადმყოფს თავში ურტყამს, რაც სავალალო შედეგებს იწვევს. ასე დაემართა თურქეთის პრეზიდენტს 2015 წლის 25 ივნისს, როდესაც ერდოღანს გული წაუვიდა პირდაპირ მეჩეთში, ურაზა ბაირამზე ლოცვის დროს.
იგივე განმეორდა იმავე წლის 24 ნოემბერს, როდესაც ერდოღანის ბრძანებით, სირიის ცაზე ჩამოაგდეს რუსული სამხედრო გამანადგურებელი, რამაც რუსი სამხედროების დაღუპვა გამოიწვია; 2019 წლის 9 ოქტომბერს, როდესაც თურქეთის არმია შეიჭრა სირიაში და დაიპყრო მისი ტერიტორიის ნაწილი (მიუხედავად ერდოღანის პუტინთან მარადიული ძმობის ფიცისა, რომელმაც 2016 წლის 15 ივლისს თურქი კოლეგა სახრჩობელას გადაარჩინა, შედეგად კი სამხედრო გადატრიალება ჩაიშალა, ერდოღანი ცოცხალი გადარჩა და პრეზიდენტადაც დარჩა).
მაშინ ერდოღანმა ნახევარი თურქეთი ციხეში ჩაყარა, მაგრამ შაქრიანმა დიაბეტმა განაგრძო მისი ტვინის განადგურება და დიაბეტიანმა თურქმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ყარაბაღში ახალი ომისკენ უბიძგა. მას შემდეგ, რაც აშშ–ის, რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს უხეშად ურჩია ცხვირი არ ჩაეყოთ სხვის საქმეებში, თურქეთის მეთაურობით ახალი ისლამური ხალიფატის შექმნის იდეით შეპყრობილმა ერდოღანმა მოისურვა ჯერ – მთიანი ყარაბახის, შემდეგ კი მთელი სამხრეთ კავკასიის ხელში ჩაგდება! როგორც ჩანს, აზერბაიჯანს ერდოღანი უკვე თავისად მიიჩნევს ფორმულით “ერთი ერი – ორი სახელმწიფო“, სადაც, მისი აზრით, უფრო ძლიერი თურქეთი დომინირებს.
ყარაბაღის შემდეგ კი საქართველოს ჯერი დადგებოდა. ”ორი ხალხი – ერთი ტკივილი” – ამ ფორმულას ქართველებს შემთხვევით როდი უნერგავდნენ, ჰპირდებოდნენ რა დახმარებას აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებაში, როგორც კი ყარაბაღის საკითხს გადაწყვეტდნენ. ”ყარსის ხელშეკრულების გათვალისწინებით, აჭარის ხელში ჩაგდება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ასევე აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ ბორჭალოს, – გეგმავს ერდოღანი, – და მერე უკვე სომხეთზეც შეიძლება ფიქრი”. მხოლოდ ავადმყოფი ვერ გააცნობიერებს რა დაემართება საქართველოს, თუ ქართული არმია, აზერბაიჯანელი, თურქი და სირიელი ბოევიკების დახმარებით, შეეცდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შესვლას, სადაც რუსული სამხედრო ბაზებია დისლოცირებული! დაემართება ბევრად უარესი, ვიდრე სააკაშვილის დროს, რადგან 2008 წლის აგვისტოსში რუსეთს ეს ტერიტორიები დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებული ჯერ კიდევ არ ჰქონდა…
კარგი, დავუშვათ, ერდოღანი ცუდად იცნობს ქართველებსა და სომხებს, მაგრამ განა ადეკვატურმა ადამიანმა შეიძლება დაუშვას, რომ აშშ და რუსეთი სამხრეთ კავკასიას თურქეთს დაუთმობენ?! ნუთუ ერდოღანს ჰგონია, რომ ვაშინგტონში, მოსკოვში, ერევანსა და თბილისში ვერ მიხვდნენ, რომ 12 ივლისის პროვოკაცია თოვუზის რაიონში იყო 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში ახალი ომის საწინდარი, ხოლო ახალი ომი მთიან ყარაბაღში, თავის მხრივ, სამხრეთ კავკასიისთვის ომის პრელუდიაა?!
ავადმყოფის გარდა, ვინ აღწევს თავის ავანტიურისტულ მიზნებს ახალგაზრდა აზერბაიჯანელი და სომეხი ბიჭების სიცოცხლის ფასად?! ავადმყოფობის გარდა რით შეიძლება აიხსნას სურვილი სამუდამოდ დაითესოს მოსისხლე მტრობა ორ კავკასიელ ხალხს შორის, რომლებიც ყოველთვის მშვიდობიანად ცხოვრობდნენ?! მათ შორის, სომხები – აზერბაიჯანში, აზერბაიჯანელები – სომხეთში? ნუთუ ერდოღანმა ერთი პრეცედენტი მაინც იცის, როდესაც ორი ნაციის შორის კონფლიქტი ომით გადაწყდა?! კონფლიქტი მთიან ყარაბაღში 1988 წელს დაიწყო და ეს საბჭოთა კავშირში პირველი ომი ეთნიკურ ნიადაგზე. მაშინაც იგი გარედან, მესამე ძალის მიერ იქნა პროვოცირებული. აზერბაიჯანმა დღემდე არ აპატია რუსეთს, სსრკ-ის კომპარტიის მაშინდელ გენერალურ მდივან გორბაჩოვს, სუმგაითში მომხდარი მოვლენები, ასევე პოლიტბიუროს მიერ ჰეიდარ ალიევის დევნა.
“რას ელოდები?! მე შენთან ვარ! დავიბრუნოთ ყარაბაღი და მოვრჩეთ! გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაქსიმუმ – აკრიტიკებენ! აშშ–მა და რუსეთმა გამაკრიტიკეს სირიაში შეჭრისას, და მერე რა?!” – აქეზებდა ერდოღანი ალიევს და, როგორც ჩანს, დროც „კარგად“ შეარჩია – საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, კორონავირუსი… ვის სცხელა ყარაბაღელი სომხებისთვის?! მაგრამ დიაბეტიანს დაავიწყდა, რომ სააკაშვილმაც “კარგად” შეარჩია დრო 2008 წლის აგვისტოში და რით დასრულდა “პეკინის ოლიმპიადა“ საქართველოსთვის… მიუხედავად იმისა, რომ ქართული ჯარი არ იბრძოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ! მაშ, რისი იმედი აქვს „შაქტიან“ ერდოღანს?!
რა თქმა უნდა, მომგებიანია აზერბაიჯანისთვის თურქული უპილოტო აპარატების მიყიდვა და ყარაბაღში სირიელი მოსყიდული ბოევიკების შეგზავნა, ეს ბიზნესია, რომელშიც თურქებს ბადალი არ ჰყავთ! მაგრამ სად არის თურქული არმიის დაპირებული დახმარება მოძმე აზერბაიჯანისთვის?! საიდუმლოს გავამხელ – ეს არ მოხდება, რადგან ერდოღანი ალიევს უღალატებს – ისევე, როგორც უღალატა ყველას, პუტინს, ამერიკას, საკუთარ ხალხს! წინააღმდეგ შემთხვევაში, უახლესი შეიარაღებით აღჭურვილი აზერბაიჯანის არმია ევროპაში მეორე არმიის (თურქულის) მხარდაჭერით ერთ საათში გაანადგურებდა ე.წ. ყარაბაღის არმიას, რომელიც შეიარაღებულია “ЗакВО“-ს მიერ მიტოვებული მოძველებული საბჭოთა იარაღით… სომხები დღეს ძალიან ნანობენ, რომ რუსეთთან მეგობრობის იმედით უარი თქვეს აშშ-სა და საფრანგეთის სომხური დიასპორის დახმარებაზე!
ვეჭვობ, აზერბაიჯანის პრეზიდენტიც ძალიან ნანობს, რომ თურქი კოლეგის პროვოკაციას წამოეგო და უკანდასახევი გზა მოიჭრა, როცა ერდოღანის სიტყვები გაიმეორა – აქაოდა, ომს მხოლოდ მაშინ შევწყვეტთ, როდესაც ყარაბაღს დავიბრუნებთ, რომელიც უკანასკნელმა სომეხმა ჯარისკაცმაც უნდა დატოვოს! მას მშვენივრად ესმის, რომ მის ადგილას ბრძენი ჰეიდარი არ წამოეგებოდა ასეთ მზამკვრობას, თუმცა ჯერ კიდევ არ არის გვიანი – ფაშინიანი ხაზს უსვამს მზადყოფნას კომპრომისისთვის და ილჰამ ალიევის შესაძლო მშვიდობიან გადაწყვეტილებას ტაშს დაუკრავს ყველა, პირველ რიგში, მინსკის ჯგუფის წევრები – აშშ, რუსეთი, საფრანგეთი. და, რაღა თქმა უნდა, საქართველო, რომლის მოსახლეობის მეოთხედს აზერბაიჯანელები და სომხები შეადგენენ. ქართველებს აზერბაიჯანელებზე ნაკლებ როდი სურთ თავიანთი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მაგრამ არა შიშველი მიწის, არამედ იქ მცხოვრები აფხაზებისა და ოსების დაბრუნება. ამის ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს!
მაშ, ღმერთმა დაგვიფაროს ერდოღანის მსგავსი მოკავშირეებისგან! და მტრებს როგორმე თავადაც მოვუვლით…
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი