რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ოფიციალურ მოსკოვს გერმანიის მიერ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ობიექტურად გამოძიების იმედი არ აქვს.
„იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბერლინში მიღებულია გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილება იმ განაჩენთან დაკავშირებით, რომელსაც გერმანიის სასამართლო რუსეთის მოქალაქე სოკოლოვს გამოუტანს, რომელდსაც შამილ ბასაევის თანამებრძოლისა და ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტების ერთ-ერთი მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილი მკვლელობაში ადანაშაულებენ. ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიაში ყალბი სახელით ცხოვრობდა, რაც გერმანიის სპეცსამსახურებისთვის ცნობილი იყო. გულუბრყვილობა იქნება, ამ საქმეში გერმანიის იუსტიციის დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის იმედი გვქონდეს“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.
7 ოქტომბერს ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო. გერმანული მხარე რუსეთს გამოძიებისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებს. გერმანელი გამომძიებლები თვლიან, რომ მკვლელობა რუსეთის ან ჩეჩნეთის ხელისუფლების დაკვეთითაა შესრულებული.
“იმედი”