“საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, დავით გარეჯის საქმეზე გამოძიების დაწყება პოლიტიკურადაა მოტივირებული, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში სპეციალურად დაიწყო.
როგორც ეკა გიგაურმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავება მოქალაქეების გაბრაზებას უკავშირდება.
“ამის მიზანი არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაბრაზდეს, რადგან თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის და პირადად ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია დავით გარეჯის თემა. ზუსტად ამას ემსახურება ეს გამოძიება, იმისთვის რომ ჩვენ გავბრაზდეთ და მაქსიმალურად მეტმა ადამიანმა მისცეს ხმა “ქართულ ოცნებას”. ეს არის ყველაფერი ტყუილი, არავის უნდოდა დავით გარეჯის გადაცემა, არავის დაუმალავს რაიმე რუკა. დაკავებულ ადამიანებს ამის სურვილიც კი რომ ჰქონოდათ, მათ დასჭირდებოდათ საგარეო საქმეთა მინისტრის, პრემიერ-მინისტრის, უშიშროების საბჭოს ყველა წევრისა და პარლამენტის 3/4-ის თანხმობა. ისინი უბრალოდ ვერ იზამდნენ ამას და ამიტომ არის ეს ყველაფერი ტყუილი. ამ ყველაფრის მიზანია ის, რომ ჩვენს ქვეყანაში გაბრაზდეს ბევრი ადამიანი და ხმა”ქართულ ოცნებას” მისცეს, მაგრამ მე მგონია, რომ ჩვენი მოქლაქეები ხელოსუფლებას არ დაუჯერებენ”, განაცხადა გიგაურმა.
მისი თქმით, ამ ყველაფრის უკან რუსეთი დგას.
“ეს დაკავშირებილია იმასთან, რომ ჩვენ ვერასდროს დავიბრუნოთ დავით გარეჯი, იმიტომ, რომ შემდეგ გავაბრაზებთ ჩვენს მეზობლებს, რომლებთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და შემდეგ მათთან დაგვეძაბება ურთიერთობა- ასეთი სცენარი, რა თქმა უნდა, რუსეთის ინტერესებშია, რუსეთი ყოველთვის ეცდება, რომ ქვეყნის შიგნით საზოგადოება დაიყოს, ერთმანეთს ვეჩხუბებოდეთ და მეზობლებთანაც ცუდი ურთიერთობა გვქონდეს”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებას გუსლიხმობს. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.
“აიპიენი”