აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა rbc-სთან ინტერვიუში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში რუსეთის როლზე ისაუბრა.
ილჰამ ალიევის თქმით, კონფლიქტის დარეგულირებაზე გავლენის მოხდენა ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე მეტად რუსეთს შეუძლია, რადგან მისივე განცხადებით, სომხეთი 100 პროცენტით არის დამოკიდებული რუსეთზე.
„არავისთვისაა საიდუმლო, რომ სომხეთი რუსეთზე 100 პროცენტით არის დამოკიდებული. უსაფრთხოებას უზრუნველყოფს რუსეთი, უფასო შეიარაღებას უზრუნველყოფს რუსეთი. ჩვენ გავანადგურეთ სომხეთის ტექნიკა, სავარაუდოდ მილიარდი დოლარის ღირებულების. საიდან აქვთ მათ ეს ფული? არ აქვთ. ეს ყველაფერი არის რუსეთიდან უფასოდ მიღებული. რომელ სხვა ქვეყანას აქვს ამდენი გავლენის ბერკეტი სომხეთზე? არც ერთს და შეიძლება, მსოფლიოში არც არსებობს ორი ასეთი ქვეყანა, რომელთაგან ერთი ასეა დამოკიდებული მეორეზე. ამიტომ ვთვლი, რუსეთს აქვს ბევრი ინსტრუმენტი, უმოკლეს დროში დაარწმუნოს სომხეთი, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ტერიტორიიდან გასვლა, ჯარის გაყვანა, რომ ჩვენი ხალხი იქ დაბრუნდეს“,- განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ისაუბრა თურქეთზეც.
„თურქეთის მთავრობის ძალიან მკაფიო პოზიციამ, პირადად პრეზიდენტის და სხვა მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა, ამ კონფლიქტში მესამე ქვეყნის ჩარევას შეუშალა ხელი. ამიტომ ვთვლი, რომ თურქეთის როლი პოზიტიურია და თურქეთმა ჩვენს რეგიონში უფრო დიდი როლი უნდა ითამაშოს, მათ შორის კონფლიქტის დარეგულირების კუთხითაც“,- განაცხადა ილჰამ ალიევმა.
“იმედი”