ამ ეტაპისთვის თბილისში შეზღუდვების დაწესებისთვის კონკრეტული საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის არსებული რეკომენდაციების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საბჭო დედაქალაქში ვითარებას აკვირდება.
„კვლავ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ნიღბების ინტენსიური გამოყენება, ასევე, რა თქმა უნდა, სოციალური დისტანცირება, რადგან უკვე დედაქალაქში გვაქვს საგრძნობლად მომატებული რიცხვი, რაც, რა თქმა უნდა, საყურადღებოა. ასევე დედაქალაქის მიმართულებით გარკვეულ დაკვირვებებს ვაწარმოებთ იმისთვის, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება თუ რა ზომებს მივიღებთ ჩვენ აქ ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6 538 ადამიანი, გარდაიცვალა 91 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში 5971 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
“იმედინიუსი”