ევროკავშირის საბჭომ ბელარუსში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დასკვნა მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი და ალექსანდრე ლუკაშენკოს დემოკრატიული ლეგიტიმაცია არ გააჩნია.
„საბჭო ადასტურებს, რომ ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი და ალექსანდრე ლუკაშენკოს დემოკრატიული ლეგიტიმაცია არ გააჩნია. საბჭო ასევე ადასტურებს მის მხადაჭერას ბელარუსის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ და ხაზს უსვამს ბელარუსი ხალხის დემოკრატიულ უფლებას, აირჩიონ პრეზიდენტი ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით, გარე ძალების ჩარევის გარეშე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის საბჭო მკაცრად გმობს ბელარუსის ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოჩენილ ძალადობას და ხელისუფლებას თვითნებურად დაკავებული ადამიანების, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების, გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
„ამ ფონზე გვსურს გავიხსენოთ შემზღუდველი ზომები, რომელიც გაყალბებული არჩევნების ჩატარებასა და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დარბევაზე პასუხისმგებელი 40 პირის წინააღმდეგ დაწესდა და განვაცხადოთ ევროკავშირის მზადყოფნა, ორგანიზაციებისა და მაღალჩინოსნების, მათ შორის ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ, დამატებითი შემზღუდველი ზომების მიღებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია დასკვნაში.
დოკუმენტში განმარტებულია, რომ ევროკავშირი შეამცირებს ორმხრივ თანამშრომლობას ბელარუსის ხელისუფლებასთან ცენტრალურ დონეზე, გაზრდის მის მხარდაჭერას ბელარუსი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ და, შესაბამისად, გადახედავს ორმხრივ ფინანსურ დახმარებას.
„ამის შესაბამისად, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ გამოყო დამატებითი ფინანსური რესურსები ძალადობის მსხვერპლებისა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის“, – აღნიშნულია დასკვნაში.
ევროკავშირი მოუწოდებს ბელარუსის ხელისუფლებას, ჩაერთონ ინკლუზიურ ეროვნულ დიალოგში.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში შეიკრიბნენ და ბელარუსში არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს.
“აიპიენი”